Forbes – საქართველო: ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი
ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა Forbes საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში დადებითად აფასებს მთავრობის მიერ საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას და წერს, რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის უფლება მტკიცედ არის დაცული, ქართველი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები კი საკითხთა ფართო სპექტრზე განსხვავებულ შეხედულებებს გამოხატავენ.
Forbes საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქართველებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.
ამერიკელი ამომრჩევლებისათვის, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი კანდიდატი იმუშავებს უკეთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე, დიდი შვებაა იმის ცოდნა, რომ ამერიკას ჰყავს ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისადმი არანაკლებ ერთგული ძლიერი პარტნიორები უცხოეთში. 8 ოქტომბრის არჩევნებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს.
საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია. დღეს მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული საარჩევნო სისტემა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც ერთპარტიული ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველომ გაუძლო ძალადობრივი გზით პრეზიდენტების შეცვლისა და სხვა სერიოზული პრობლემების ორ ათწლეულს და 2012 წელს ქვეყანაში მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით განხორციელდა პოლიტიკური ტრანზიცია, რაც იშვიათობაა ყოფილ საბჭოთა ბლოკში. ქართული ოცნების პარტიამ ამომრჩევლისაგან მიიღო ნდობის მანდატი, რომელსაც ის დღემდე იყენებს ესოდენ აუცილებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროს რეფორმების განსახორციელებლად.
წლევანდელი არჩევნებიც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი გამოცდაა: წინასწარ განსაზღვრული შედეგები დაუშვებელია. არჩევნებში ბევრი პარტია მონაწილებს და ახალი მთავრობა, დიდი ალბათობით, დაკომპლექტდება რამდენიმე მათგანის წარმომადგენლებით. საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის უფლება ასევე მტკიცედ არის დაცული. ქართველი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები გამოხატავენ განსხვავებულ შეხედულებებს საკითხთა ფართო სპექტრზე.
ამჟამინდელი მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის დათანხმდა საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას წინასაარჩევნო პერიოდისა და თავად არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად. გარდა ამისა, მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა შედეგად საქართველო ზედა ეშელონების სასარგებლოდ დაუბალანსებელი საპრეზიდენტო სისტემიდან გადავიდა უფრო დაბალანსებული მმართველობაზე, რომლის ფარგლებშიც ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი მართავს ქვეყანას საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით.
ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინასაარჩევნო რიტორიკა საქართველოშიც საკმაოდ ცხარე შეიძლება იყოს, თუმცა, არჩევნების შემდეგ, იმედია, პარტიებს შორის მიღწეული იქნება კონსენსუსი მედიისა და მართლმსაჯულების სფეროთა შემდგომი რეფორმების შესახებ, რათა ამ ინსტიტუტების ავტონომია კიდევ უფრო გაიზარდოს. პარტიებს შორის არსებული განხეთქილებების აღმოფხვრას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, რადგანაც საქართველოში ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქცენტი უფრო პიროვნებებზე კეთდება, ვიდრე საარჩევნო პროგრამებზე.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მთავრობამ წარმატებით განახორციელა კრემლთან მოლაპარაკებების დეპოლიტიზაცია და შეამსუბუქა რუსეთთან რიტორიკული კონფლიქტის სიმძაფრე, რაც, კრემლის გაღიზიანების მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი შედეგების გათვალისწინებით, საკმაოდ ბრძნული ნაბიჯი იყო.
საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, რომლებიც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველო არასოდეს შეეგუება ამ ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ რუსული ოკუპაციის დასრულება შეუძლებელი იქნება, სანამ მოსკოვი ან შეარბილებს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ან სანამ დასავლეთი საბოლოოდ არ მიიღებს საქართველოს როგორც თავის სრულუფლებიან წევრს. დასავლეთს მეტი ძალისხმევა მართებს ამ მხრივ, რადგანაც მოსკოვი მანიპულირებას ახდენს ამ კონფლიქტებით და იყენებს მათ როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან მიმართებით.
2009 წლიდან მოყოლებული, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარე ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერამდეც უზრუნველყოფდა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სხვა სახის დახმარებით.
თბილისი და ვაშინგტონი დაჟინებით აცხადებენ, რომ სახელმწიფოთა საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა სრულიად დაუშვებელია და რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდება. თუმცა, ვაშინგტონის დაუღალავი ძალისხმევისა და საქართველოს მიღწევების მიუხედავად, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში.
ნატოში გაწევრების გარეშეც არის საქართველო საერთო უსაფრთხოების საქმეში წვლილის შემტანი. მაგალითად, სულ მოსახლეზე ავღანეთში კოალიციის [ნატოს] მისიების მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა. საქართველოს შეიარაღებული ძალები საბოლოოდ გაემიჯნენ საბჭოთა წარსულს და აითვისეს დასავლური ტიპის ტაქტიკები, მეთოდები და პროცედურები, რის შედეგად გაიზარდა ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან მათი შეთანხმებული მოქმედების ხარისხი.
რუსეთის სამხრეთის საზღვრებთან [სტრატეგიულად] მნიშვნელოვანი განლაგების გარდა, დასავლეთის ქვეყნებისთვის საქართველო არის პარტნიორი და ფორპოსტი ირანსა და თურქეთში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის დავასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში. თბილისი წარმატებით ახორციელებს მანევრირებას სამეზობლოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობის გარემოცვაში და ინარჩუნებს საკმაოდ კარგ ურთიერთობებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთის გარდა.
ამა წლის ივლისში ნატოს სამიტზე მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია საქართველოს სამხედრო წვლილი ავღანეთის მისიაში და კიდევ ერთხელ არის დაგმობილი მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკა. სამიტმა ასევე გაზარდა ნატოს ტრენინგების, წვრთნებისა და შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების, ასევე კიბერ- და საჰაერო თავდაცვის მასშტაბი. მეორე მხრივ, მოკავშირეთა შორის ამჯერადაც დაფიქსირდა უთანხმოება წევრობის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველომ ვერ მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმა ან მის გარეშე გაწევრების რაიმე პერსპექტივა.
ასევე აღსანიშნავია საქართველოს ეკონომიკური მიღწევები. ქართველებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. მართალია, საქართველოში არის ისეთი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, როგორიცაა ნავთობი და გაზი, მაგრამ ინფრასტრუქტურის ინტენსიური მოდერნიზაციის პროგრამის წყალობით, მიმდინარეობს ქვეყნის ჩამოყალიბება რეგიონის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ცენტრად. ევროპისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების მისაწოდებლად ცენტრალური აზიის გავლით გაყვანილია მილსადენები, რკინიგზის ხაზები და საავტომობილო გზები. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა და ამა წლის ზაფხულში ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამჯობინებს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრების სუსტი მხარდაჭერით გამოწვეული გაღიზიანება. ისინი მხარს უჭერენ რუსეთისთვის უფრო სასიკეთო სტრატეგიებს. საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის დაკარგვა დანაკარგი იქნება როგორც ამერიკელებისთვის, ისე ქართველებისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ევრაზიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს თითებზე ჩამოსათვლელი მეგობარი სახელმწიფო დარჩა, სადაც ნამდვილი დემოკრატიაა დამყარებული.
რაც შეეხება ვაშინგტონს, აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მართებს გაბედული და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორობის განსამტკიცებლად.
http://www.forbes.com/sites/realspin/2016/10/05/georgia-americas-strategic-partner/#942c1fc18686