კახა ძაგანია: მივმართავ ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინოს შალვა ნათელაშვილის მიერ “გათეთრებულ” თანხებზე

„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ დღეს კონკრეტული დოკუმენტები წარადგინა იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ლარი აქვს დახარჯული ბიუჯეტიდან შალვა ნათელაშვილს პირადი სარგებლობისთვის.
მისი მტკიცებით, ნათელაშვილის საბიუჯეტო თანხის დანახარჯმა წლიურად ჯამში 225 453 ათასი ლარი შეადგინა.
„ეს ადამიანი არის თაღლითი. მე წარმოგიდგინეთ დოკუმენტი, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ნათელაშვილმა პარტიის განვითარებისთვის მიღებული საბიუჯეტო თანხები პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა.
ის ჯერ კიდევ ოპიზიციაშია და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს საბიუჯეტო თანხებს. მან ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს, რომელიც არის სააკაშვილის პირადი ქონება, გადაურიცხა 100 000 ლარი, იმ სააკაშვილს გადაურიცხა, რომელმაც უწამა და დაუჭირა თანამებრძოლები. ამ ადამიანს არასოდეს უმუშავია ბიზნესში და არის ერთ-ერთი მილიონერი და მდიდარი პოლიტიკოსი“, -განაცხადა კახა ძაგანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ძაგანიას ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი პარტიისთვის განკუთვნილი თანხიდან “კვადროციკლებს” ყიდულობდა.
ასევე ციფრებით ასახელებს იმ ხელფასს, რომელიც ნათელაშვილმა პარტიული მოღვაწეობისთვის მიიღო. აღნიშნული ციფრები მითითებულია „ლეიბორისტული პარტიის“ საფინანსო დეკლარაციაშიც.
“ნათელაშვილი, რომელიც გულდათუთქულია გაჭირვებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ, უმწეოთა შეწირულობისთვის რიცხავს 1076 ლარს იმ მილიონებიდან, რასაც ჯიბეში იდებს.
მისი საწვავისთვის გადარიცხულმა თანხამ 34 252 ათასი ლარი შეადგინა, ოფისის კომუნალურმა გადასახადმა 31 857, სამივლინებო ხარჯებმა 78 055 ლარი, როცა ვეკითხებოდით, საიდან ჰქონდა თანხები, გვპასუხობდა, რომ საკუთარი შემოსავალი გააჩნდა. აღნიშნული თანხებით ისვენებდა ნათელაშვილი, ყიდულობდა “კვატროციკლს” და ნანუკა ჟორჟოლიანს ასეირნებდა“, -განაცხადა კახა ძაგანიამ „კვირას“: პრესკლუბში.
ძაგანია პროკურატურას და ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს, დაინტერესდნენ, სად იხარჯება საქართველოს ბიუჯეტის თანხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები