“რეიტინგების ამ საფუძველზე გადათვლა, წმინდა წყლის მანიპულაცია და სპეკულაციაა”

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი GFK–ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.
“რამდენიმე ადამიანმა მკითხა, კონკრეტულად რა დავუწუნე “რუსთავი 2″–ს GFK–ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენისას.
შევეცდები მოკლედ და გასაგებად ვთქვა:
1. როგორც წესი, პარტიულ რეიტინგებს იმ რესპონდენტებისგან ითვლიან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გამოკითხულთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია (ჩვეულებრივ, 65–70%–ს არ აჭარბებს). ამდენად, ცდომილების მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია მთელი შერჩევისთვის, იგივე ვერაფრით იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა ქვეშერჩევისთვის (როგორც ეს “რუსთავი 2″–ს ჰგონია).
2. როდესაც პარტიულ რეიტინგებს შორის სხვაობა შერჩევის ცდომილებაზე ნაკლებია (მით უფრო 1%–ის ფარგლებში მერყეობს), პარტიებს შორის ადგილების განაწილებაზე სერიოზული ლაპარაკი, უბრალოდ, არასერიოზულია.
3. პოლიტიკურ ძალთა სასარგებლოდ გამოხატული მეორე (დამატებითი) არჩევანის უაპელაციო კონვერტაცია აქტიურ ხმებში და რეიტინგების ამ საფუძველზე გადათვლა, წმინდა წყლის მანიპულაცია და სპეკულაციაა.
4. საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე კატეგორიული მსჯელობა მაშინ, როდესაც გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას ამაზე, უბრალოდ, არ უფიქრია, ასევე, არასერიოზულია.
შემიძლია გავაგრძელო, თუმცა, ვფიქრობ, ესეც საკმარისია…
არაფერს ვამბობ “რუსთავი 2″–ის მიერ პოლიტიკურ ძალთა რეიტინგების წარმოდგენილ სურათზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მაჩვენებლები ჯერ “უსწრებს”, ხოლო, სხვა გადათვლით, თითქმის “უთანაბრდება” “ქართულ ოცნებას”. ეს უკვე პოლიტიკური დაკვეთის ნაწილია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც მეცნიერებასთან და არც კეთილსინდისიერებასთან!” , – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები