ნინო გვენეტაძე: ახლად გამწესებული მოსამართლეებისთვის ეს ბრძოლა არ იქნება იოლი

ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ძალიან მტკიცედ, მყარად დავუდგეთ წინ ყველაფერ იმას, რასაც კონსტიტუციური მართლმსაჯულების, სამართლიანი სასამართლოს დაცვის უფლება ჰქვია – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.
”ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, რაც ქართული მართლმსაჯულების დამკვიდრებას, განვითარებას და რაც მთავარია საზოგადოების ნდობის გაღვივებას უკავშირდება, გადის ძალიან რთულ ფაზას. მაგრამ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ძალიან მტკიცედ, მყარად დავუდგეთ წინ ყველაფერ იმას, რასაც კონსტიტუციური მართლმსაჯულების, სამართლიანი სასამართლოს დაცვის უფლება ჰქვია. ვფიქრობ, თქვენ ამაში საკმაო გამოცდილება გაქვთ. ახლად გამწესებული მოსამართლეებისთვისაც, ბუნებრივია, ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, მაგრამ ვფიქრობ, ისინი მას წარმატებით გაივლიან“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პროფესიული წინსვლა უსურვა.
„საამაყოა ისიც, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელით, ”საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის” შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება, წარმოვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ამით ავიღოთ ის დიდი პასუხისმგებლობა და გავიზიაროთ დიდი საპატიო მოვალეობა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში წევრის წარდგენა ჰქვია. ყველა თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას, პროფესიულ წინსვლას, მხნეობას, ბრძოლის უნარს, გამბედაობას. ასევე, დავემშვიდობები კოლეგებს, რომლებსაც დაუსრულდათ უფლებამოსილების ვადა და წარმატებას ვუსურვებ მათ შემდგომ საქმიანობაში. ეს ალბათ დიდი ტვირთისგან გათავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ასევე მთელი ცხოვრების გზაზე დიდი მოვალეობის ტარებას”, – აღნიშნა გვენეტაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განმწესებული მოსამართლეების ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები