არასამთავრობო ორგანიზაციები: დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის

სოფელ დიდინეძში გუშინ „ქართული ოცნების“ ახლაგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანზიაციები ხაზს უსვამენ, რომ „ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“.
„გუშინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას არიგებდნენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო „ქართული ოცნების“ სამმა წარმომადგენელმა. როგორც ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი – თავის ზედაპირული ტრავმა“. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სოფელ დიდინეძის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ქირია და ოპოზიციური პარტიის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი. „ნაციონალური მოძრაობაში“ კი ინციდენტში საკრებულოს წევრის კახა ქირიას მონაწილეობას უარყოფენ და დაპირისპირების პროვოცირებაში ბრალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სდებენ. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ითვალისწინებს. ასევე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა მოუწოდა მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ გუნავამ სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტი შეაფასა როგორც ცუდი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან უწმაწური სიტყვებით მიმართვაზე მათ „ადეკვატური პასუხი მიიღეს“. დიდინეძში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პაპუნა კუკავას და მანუჩარ ქირიას სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა შეხვდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, დაკითხვაზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ და არც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსუბუქი დაზიანებები მათ წევრებსაც აღენიშნებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

„ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს წინასაარჩევნოდ ძალადობრივი დაპირისპირების რისკი. არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები