ბექა ოდიშარია: პატარა ბიჭის და მისი ოჯახის უბედურებით ცდილობენ ბინძური ქულების მოპოვებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში ბექა ოდიშარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
„ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ გადავწყვეტდი, რომ არა მიზანმიმართული ბინძური კამპანია, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც იკითხება. 29 სექტემბერს ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან და ჩვენი, ტრადიციულად პოზიტიური კამპანიის ფარგლებში შეხვედრაზე გვახლდნენ ჩემი მეგობრები, ქართული ესტრადის წარმომადგენლები.
მე როგორც ყოველთვის, ახლაც მამასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან, მათ შორის 4 წლის ქალიშვილთან ერთად, ვიდექი სცენაზე… ღონისძიების მსვლელობისას შემატყობინეს, რომ ზემო ფონიჭალელ მოზარდებს მოუვიდათ შელაპარაკება სასტუმრო «ტატო»-სთან, თუმცა დაზარალებულმა საშველად მოირბინა სინათლისა და ხალხისკენ ანუ იქით საიდანაც მას ესმოდა ხალხის ხმა. დადასტურებით შემიძლია ვთქვა ერთი ფაქტი, რომ დაზარალებულს სწორედ ჩემმა მეგობრებმა იმ წუთასვე აღმოუჩინა დახმარება და გადაიყვანა საავადმყოფოში.
ჩემი პირველი კომენტარიც მომხდართან დაკავშირებით გაკეთდა პირველივე წუთებში და გავაჟღერე ზუსტად ის ინფორმაცია, რასაც მაშინ ვფლობდი.
აქციის მსვლელობისას მე რამდენჯერმე მოვიკითხე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც მატყობინებდნენ, ბავშვს იმ მომენტისათვის სერიოზული ხიფათი არ ემუქრებოდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, უკვე შტაბში მოსულებს (4-5 საათის შემდეგ) შეგვატყობინეს, რომ მდგომარეობა დამძიმდა და შემდეგ უკვე დადგა ყველასათვის წარმოუდგენელი შედეგი… ტრაგედია,რომლის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. დაიღუპა ჩვენი შვილების თანატოლი ბავშვი. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ გვძინებია, თუმცა მე მაკვირვებს, ალბათ უკვე აღარც მაკვირვებს, იმ ადამიანების აღვირახსნილობა, რომლებსაც მომხდარზე გული არ უსკდებათ, მაგრამ შუბლის ძარღვი კი გახეთქილი აქვთ და პატარა ბიჭის და მისი ოჯახის უბედურებით ცდილობენ ბინძური ქულების მოპოვებას… ეს უსირცხვილო ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ უწყიან რა მოხდა, ბედავენ და არად აგდებენ ოჯახების უბედურებას, და მეორე არასრულწლოვანს, რომლის ოჯახიც ასევე გაუბედურდა მომხდარის გამო, მოიხსენიებენ, როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტს… ან დედა არ გყავთ, ან შვილები, ან ოჯახი? ან ამ ქვეყანაზე სიარული არ გინდათ? მართლა არ გეშინიათ არაფრის? ღმერთის რომ არა, მაგაზე შევთანხმდით, მაგრამ ამდენ გაუბედურებულ ოჯახს იმიტომ ამწარებთ, რომ ვიღაც ორ-სამ ბინძურს ასიამოვნოთ? ეგეთი უშიშრებიც არ ჩანხართ!!! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაფიქრდით ,არაფერი ამქვეყნად, მით უმეტეს პოლიტიკური ქულები არ ღირს საბოლოოდ სულის წარსაწყმედად… რაც შეეხება გამოძიებას, ის იტყვის ალბათ თავის სათქმელს და მე,როგორც კანონმორჩილი ადამიანი, გამოძიების შედეგებს დაველოდები“, – აღნიშნულია ბექა ოდიშარიას განცხადებაში.
ცნობისათვის, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში – 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები