თეა პერტაია: პოლიტიკის გამო ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ, მათ შორის, ფაქტების დამახინჯება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია, ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოზარდი სასიკვდილოდ “ქართული ოცნების“ კონცერტის მიმდინარეობისას დაიჭრა, ვრცელი განმარტებით ეხმაურება.
პერტაიას განმარტებით, როგორც წესი, იმ ინფორმაციაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს, თითქმის ყოველთვის არის აღნუსხული შემთხვევის სავარაუდო ადგილმდებარეობა და ეს უკანასკნელი განისაზღვრება კონკრეტული ობიექტებით, ქუჩებით და არა, იმით თუ სად მიმდინარეობდა ამ დროს კონცერტი.
როგორც პერტაია აღნიშნავს, ზოგიერთებმა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ინტერპრეტირება მოახდინეს.
„1.როგორც წესი, იმ ინფორმაციაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს, თითქმის ყოველთვის არის აღნუსხული შემთხვევის სავარაუდო ადგილმდებარეობა და ეს უკანასკნელი განისაზღვრება კონკრეტული ობიექტებით, ქუჩებით და არა, იმით თუ სად მიმდინარეობდა ამ დროს კონცერტი და ა.შ.
2. თუ შსს-ს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ იქ, ჩვეულებისამებრ, მშრალი ფაქტებია დაფიქსირებული და ერთი სიტყვაც კი არაა ნახსენები კონკრეტულ ლოკაციებს შორის არსებულ დისტანციებზე, კილომეტრებზე, სანტიმეტრებზე და ა.შ. ხოლო ისეთი სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად, ”კონცერტი”, საერთოდ არ გვხვდება.
3. გულწრფელად ვეთანხები დღევანდელი ”ფრთიანი ფრაზის” ავტორს და მიმაჩნია, რომ პოლიტიკის გამო ადამიანებმა ყველაფერი არ უნდა იკადრონ, მათ შორის, ფაქტების დამახინჯება და უფრო მეტიც, ურცხვი ტყუილი!
4. ბუნებრივია, კვლავ ვინარჩუნებ სრულ აპოლიტიკურობას და ვერავინ დამწამებს, რომ ოდესმე ერთი ნაბიჯი გადამიდგამს ვინმეს პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო. არასდროს გავუმაგრებ ზურგს სიცრუეს, მით უფრო, როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე და მის ტრაგიკულ ბედზე… ესაა უფაქიზესი თემები, რომელსაც მთელი ჩვენი სამსახური განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით!
5. სიმართლის დადგენა, როცა ამის სურვილია, ძალიან მარტივია… სამწუხაროდ, საგამოძიებო პროცედურებში დადგენილი სტანდარტები ყოველთვის არ მაძლევს ყველა დეტალის გამოაშკარავების შესაძლებლობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთებმა საკუთარი ფანატაზიით უნდა შეასხან ხოლმე „ფრთები“…
მესმის, რომ წინასაარჩევნო ბატალიებით ხართ შთაგონებულნი, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ შეგახსნებთ: ესაა ყველას პოლიცია! არის რაღაც, რასაც ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკური ინტერესით არ უნდა დაუპირისპირდე და პირიქით, ყოველთვის ზურგი უნდა გაუმაგრო – ისევ შენი გულისთვის, შენივე უსაფრთხოებისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნის ძლიერებისთვის“, -წერს პერტაია.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში – 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები