ყოფილი პატიმარი: სანდრა რულოვსი, რომელიც კრავად შერაცხეს, ჩვეულებრივი კრიმინალია
პროკურატურაში შესვლამდე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ალექსანდრე ახალკაცმა ჟურნალისტებთან სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა. ახალკაცი სანდრა რულოვსს კრიმინალად მოიხსენიებს და მის წინააღმდეგ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებს.
მისი განცხადებით, „გლობალური ფონდის“ მიერ საქართველოში შემოტანილი მედიკამენტები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, რომელიც კრავად შერაცხეს, არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც მონაწილეობდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს.
დღეს მე პროკურატურას მივაწვდი ალბათ, მათთვის სკანდალურ ინფორმაციას. ორგანიზაცია “გლობალურ ფონდს”, ინდოეთიდან შემოჰქონდა ნაგავი მედიკამენტები და ტუბერკულოზით დაავადებულებს ვითომ კურნავდნენ.
ამ წამლით, ფაქტობრივად, ხოცავდნენ ადამიანებს. ჩემი ინფორმაციით, სანდრა რულოვსი უამრავ დოკუმენტზე აწერდა ხელს. მე პროკურატურას ვეტყვი იმ ოქროს მოწმეების შესახებ, რომლებიც მზად არიან, დაადასტურონ და დაამოწმონ ეს ყველაფერი ფაქტებით“, – განაცხადა ახალკაცმა.
მისივე თქმით, 2010-2011 წლებში ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერმა 800-ზე მეტი წამებით მოკლული ადამიანი გააფორმა, როგორც ტუბერკულოზით გარდაცვლილი.
„თუ პროკურატურა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსს მინიმუმ დაკითხვაზე მაინც დაიბარებენ. „ნაციონალების“ სიაში ნომერ მეორე ადამიანი, რომელიც კრავად შეგვირაცხეს, არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც მონაწილებდა იმ დიდ სქემაში, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს”, – განაცხადა ახალკაცმა.
ამასთან, ახალკაცი ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მისი წამების პროცესს ესწრებოდა.
ალექსადრე ახალკაცი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა ახალკაცი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციები სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო და სწორედ ამ მიზეზით დააკავეს.