კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის შეხვდა.
უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. მინისტრმა მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებსა და ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, სტუმრებს გააცნო საქართველოს გამოცდილება მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით.
კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა.
„უნგრელ კოლეგებთან დასაქმების, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვის, ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ. მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც უნგრულ მხარეს მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გააჩნია“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის განცხადებით, ქართული მხარის გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანია.
„პირველად ვიმყოფებით საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ მინისტრმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ გამოწვევებს ერთობლივად ვუპასუხოთ. მჯერა, რომ საქართველოში ვიხილავთ ისეთ პროგრამებს, რომელსაც ჩვენთან დავნერგავთ“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრას ჩშოტიმ.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
გენერალ-ლეიტენანტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, შანდორ პინტერის სახელით ბუდაპეშტში მიიწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი გენერალ-ლეიტენანტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს N16 და N5 პენიტენციურ დაწესებულებებს და საქართველოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურასა და ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნობა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე, უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში უნგრეთის ელჩი და უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია ესწრებოდნენ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ციხეებისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებიც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები