კონგრესმენი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციაა
საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების 25 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, კონგრესმენმა ტომ მაკკლინტოკმა განაცხადა, რომ ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მთელი არსით შეიგრძნო თავისუფლება და მნიშვნელოვანი წინსვლა იქონია.
ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დემოკრატიის წამყვან ნიმუშად ქცეულიყო ისეთ რეგიონში, რომელშიც დიქტატურა ჩვეული ამბავია. საქართველომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისკენ მიმართული რეფორმების სარგებელიც სრულად მიიღო, რადგან სახელმწიფო რეგულირება შეამცირა, იბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და საგადასახადო კოდექსი გაამარტივა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევის შედეგად დასავლეთთან – განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან – გაძლიერდა კავშირები სავაჭრო, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროში. ყოველივე ეს საერთო დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე დაშენებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საქართველო შეერთებული შტატების უცვლელი პარტნიორია. ის ძლიერ უჭერს მხარს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ აშშ უსაფრთხოების ინიციატივებს. ის არის ავღანეთში ტერორიზმთან გლობალური ომის მხარდამჭერი მისიის მონაწილე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით. ეს მიღწევები კიდევ უფრო მეტად და მკაფიოდ იკვეთება რეგიონში რუსეთის გაუმაძღარი აგრესიული მადის პირობებში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს სოხუმის დაცემის 23 წლისთავი აღინიშნება. 1993 წელს რუსეთის ჯარმა და ადგილობრივმა სეპარატისტებმა მოიპოვეს კონტროლი საქართველოს ამ რეგიონზე. უგულო, მასიური და სისხლიანი მკვლელობები, წამება, საცხოვრებელი ადგილიდან აყრა და გაძევება ასობით ათას ეთნიკურ ქართველს შეეხო. მას შემდეგ დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მცდელობები. თავის დროზე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებდა: „სეპარატისტებმა მასიური სისაძაგლეები ჩაიდინეს რიგითი ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ – დახოცეს ქალები, ბავშვები, მოხუცები; ბევრიც მძევლად აიყვანეს და აწამეს… აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველები მრავლად დახოცეს…
სეპარატისტებმა ტერორის მმართველობის პირობებში ამყოფეს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა სხვა ერების წარმომადგენლებიც დაზარალდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი და რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსის წარმომადგენლები აფხაზ მეგობრებთან ერთად მონაწილეობდნენ ამ საძაგლობებში… ვინც ამ მოვლენებს თავი დააღწია და სამშვიდობოს გამოვიდა ყვებოდნენ საკუთარი თვალით ნანახ ხოცვა-ჟლეტვაზე – ასაკის და სქესის მიუხედავად. აფხაზეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოტანილ გვამებსაც ემჩნეოდა გაუსაძლისი წამების ნიშნები“. ამერიკელი ხალხის ინტერესებშია საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას დავუჭიროთ მხარი სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეწყობის გზით. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება, რაც ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციას გულისხმობს. რეგიონში რუსეთის ექსპანსიური მცდელობებიც უნდა შეიკვეცოს. კოლეგებო, მოგმართავთ თხოვნით, განვამტკიცოთ აშშ-საქრთველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი ნაკისრი ვალდებულება. ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ, რათა რუსული აგრესიის პირობებში თავისუფალი და დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს საქართველოში. ვულოცავ ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 25 წლის განმავლობაში მიღწეულ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. აქვე ვთავაზობ ქვეყანას ჩემს განუხრელ მხარდაჭერას ჩვენი განგრძობადი მეგობრობის ნიშნად”, – აცხადებს კონგრესმენი.