„არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“ -კინომსახიობთა თეატრში პრემიერა გაიმართება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 38-ე თეატრალურ სეზონს ხსნის.
30 სექტემბერს, 1,2 ოქტომბერს, 20:00 საათზე პრემიერა გაიმართება, წარმოდგენილი იქნება იტალიელი დრამატურგის, დარიო ფოს კომედია „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“ დამდგმელი რეჟისორი – მიკელე პანელა (იტალია).
როგორც „კვირას“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში  განუცხადეს, სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარის” ახალი პროგრამის “ფოკუსში იტალიაა” ფარგლებში გაიმართება.
იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს კომედიის ინტერპრეტაცია ეკუთვნის სამხატვრო კონსულტანტს მიკელე პანელას.
პიესა პირველად დაიდგა 1974 წელს მილანის ისტორიული შენობის Palazzina Liberty სცენაზე, სადაც სამოცდაათიან წლებში დარიო ფოს თეატრალური დასი მოღვაწეობდა. დარიო ფო (გარდა იმისა, რომ პიესის ავტორი და რეჟისორი გახლდათ), ითამაშა კიდეც თავის მეუღლესთან, ფრანკა რამესთან ერთად. პიესა, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე დაიდგა, სატირულ-გროტესკული ფორმითა და, ამავე დროს, მძლავრი სოციალური დატვირთვით მოგვითხრობს მილანის პერიფერიაში მცხოვრები ქალების ისტორიას, რომლებიც თავს ძლივს ირჩენენ, აპროტესტებენ ფასების ზრდასა და უარს ამბობენ საყიდლების საფასურის გადახდაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები