ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე: 4 წელია ვლაპარაკობთ, ბატონო ბიძინა, მაგრამ არავინ გვისმენს

კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ერთ-ერთი იმ ბიზნესმენთაგანია, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი იძულებით წაართვეს. ის და მისი პარტნიორი დააპატიმრეს და ახალციხის სოფელში დანგრეული ქოხი 2 მილიონ ლარად აყიდინეს. საქალაქო სასამართლომ ერთი თვის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება – ადამიანი, რომელსაც ბიზნესმენები ქონების წართმევაში მთავარ მოქმედ პირად ასახელებდნენ, გაამართლა. საუბარია თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე. ქართულმა მართლმსაჯულებამ კეზერაშვილის სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო.
“ნაცმოძრაობის” დროს უამრავ ადამიანს წაართვეს საკუთრება და ბიზნესი და ამის უამრავი მაგალითია. ჩემი ვალია საზოგადოება დავარწმუნო, რომ მკვეთრი გარდაქმნები მოხდა. ასეთი დიდი კონტრასტი, ოთხი წლის განმავლობაში რაც მოხდა, არ ყოფილა. სად ვიყავით ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში, პატრიარქის სიტყვებსაც გავიხსენებ, ამას ვიშველიებ ძალიან ხშირად, რომ უფსკრულის პირას ვიდექით პირდაპირი მნიშვნელობით.
დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი იტყვის, რომ თქვენს საკუთრებას ვინმე უთვალთვალებს და ვინმე თქვენს ჯიბეში ჩაძრომას აპირებს. არადა, მოდი ვიყოთ გულწრფელნი, რომ არა 2012 წლის შემოდგომა და “ქართული ოცნების“ გამარჯვება, თქვენც ხომ კარგად იცით, რაც მოხდებოდა”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.
რას ფიქრობენ დღეს ის ბიზნესმენები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაზარალდნენ და რომელთაც წართმეული ქონება უკან არ დაბრუნებიათ?
გთავაზობთ ინტერვიუს სენტა პეტროლიუმის დამფუძნებელთან, ზაალ იაკობიძესთან, სადაც ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენაზე და ბიზნესის პრობლემებზე საუბრობს:
– ბატონო ზაალ, ბიძინა ივანიშვილმა გამართა შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც მოუწოდა მათ ხმა ამოეღოთ და ეთქვათ რა ხდებოდა მათ თავს წინა ხელისუფლების დროს და როგორი სტაბილური გარემოა ახლა. თქვენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი დაზარალებული, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის განცხადებებს? ახლა გათავისუფლებულია ბიზნესი ზეწოლისგან?
– რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვალა სასიკეთოდ. წინა ხელისუფლება იყო საშინელი და ბიზნესი იყო მარწუხებში მოქცეული, ეს არავისთვის ახალი არ არის. ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა, პრინციპში, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება. დღეს ბიზნესი თავისუფალია და აღარ ხდება არანაირი შეზღუდვა და შემაფერხებელი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან.
არის მეორე ფაქტორი: როგორც დაზარალებულმა მინდა ვთქვა, იმის გამო რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა იმ ადამიანების სათანადოდ დასჯაზე ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, მხედველობაში მაქვს უმაღლესი თუ საშუალო რანგის ჩინოვნიკები, შედეგად მივიღეთ დღევანდელი სიტუაცია. სწორედ ამის შედეგია თავგასული მოსამართლეების უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც დღეს ხდება – არ დაისაჯნენ ის ჩინოვნიკები, ის პროკურორები, ის მოსამართლეები, ის მწამებელთა უმრავლესობა და შედეგად მივიღეთ ასეთი სასამართლო.
ისევ პრობლემაა, თუნდაც ვაი მოსამართლე თეა ხამხაძე, რომელმაც მიიღო საშინელი გადაწყვეტილება და ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც კეზერაშვილია გამოაცხადა უწესიერეს და უპატიოსნეს ადამიანად. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლამის არის წმინდანად შერაცხონ და მოსამართლეს ალბათ ასეთი სურვილიც ჰქონდა. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ თავის დროზე ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, სათანადოდ არ დაისაჯნენ. ეს არის იმ დანაშაულებების სერიის გაგრძელება, რომელიც მათ წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს. რადგან ახალი ხელისუფლებისგან არ იყო სათანადო რეაქცია, დანაშაული გაგრძელდა და შედეგად წარმოიშვა დაუსჯელობის სინდრომი.
ადამიანებმა გააგრძელეს ის რასაც აკეთებდნენ წინა ხელისუფლების დროს, მხედველობაში მაქვს პროკურატურის თანამშრომლები და მოსამართლეები, რომლებიც იღებენ აბსოლუტურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს.
ჩვენს შემთხვევაში მართლმსაჯულებამ მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ამას ისიც დაამატეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ვერანაირად მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველა ვადა ამოიწურა და დოკუმენტს ორი კვირაა ველოდებით. მოსამართლემ ვერ მონახა ვერანაირი გზა, რომ ეს ყველაფერი დაესაბუთებინა; ვერ წერს იმას, რაც თქვა; ვერ წერს, რომ რომ კეზერაშვილი არის უცოდველი და უწესიერესი, რომ ის ვერ ხედავს მის ბრალეულობას. ხამხაძე ამის დასაბუთებულად დაწერას, ამდენი ხანი ვერ ახერხებს. მოსამართლემ ყველა კანონით დაშვებულ ვადას გადააცილა და ამაოდ ველოდებით სასამართლოსგან გადაწყვეტილების დასაბუთებას.
დღეს სრულიად განსხვავებული გარემოა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, თუმცა ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაესაჯა ის ადამიანები, ის ჩინოვნიკები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. პროცესს შედეგად მოჰყვა ის, რომ დღესაც გრძელდება ამ ჩინოვნიკების თავგასულობა და დაუსჯელობამ ახალი დანაშაულები წარმოშვა.
მინდა ვუპასუხო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ბიზნესს რამე პრეტენზია აქვს, ამის შესახებ ხმამაღლა უნდა თქვას: 4 წელია ვლაპარაკობთ ბატონო ბიძინა, მაგრამ არავინ გვისმენს, არც პროკურატურა და არც სასამართლო.
– მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ყველა სამართლებრივ გზას მიმართეთ, თქვენი საქმის რეალური შედეგი არ დამდგარა. გაქვთ თუ არა იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო ისევ კეზერაშვილის სასარგებლოდ არ გამოიტანს განაჩენს?
– არის ასეთი გამოთქმა – “იმედი ბოლოს კვდება”. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ, თორემ იმ შედეგების შემდეგ, რაც დღეისთვის არსებობს, ანუ ვაი მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი, თეა ხამხაძე მყავს მხედველობაში, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინი ნაკლებად გვაქვს. იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ისეთი აღარ გვაქვს, როგორიც გვქონდა.
მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ სამართალი იზეიმებს და სამართლიანობა აღდგება, მაგრამ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო, ჩვენი ოპტიმიზმი შენელდა.
– დღეს ქვეყნის პირველი პირები: პრემიერი, მინისტრები, პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლო უფრო მეტად დამოუკიდებელია ვიდრე აქამდე. თქვენ ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ სასამართლოსთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად დამოუკიდებელია რაიმე სახის გავლენებისგან?
– მე ვამბობ, რომ სასამართლო დღეს არ არის კეთილსინდისიერი – მისი გადაწყვეტილებები ძალიან საეჭვოა და ძალიან ბევრ შემთხვევებში აბსოლუტურად უსამართლო. ამის მიზეზი არის ხელისუფლების ჩარევა, ცალკეული მოსამართლეების სუბიექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც ზეგავლენას განიცდიან თუ მათ აქვთ სხვა სახის მოტივაცია, ეს მე აბსოლუტური სიზუსტით არ ვიცი. შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მოსამართლეები იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს. გავიმეორებ, ეს მათი მოქრთამვის შედეგია, წინა ხელისუფლების ცნობილი კრიმინალების ზეგავლენა, თუ დღევანდელი ხელისუფლება ერევა მათ საქმიანობაში, ამის თქმა სრული სიზუსტით არ შემიძლია. მთავარია, რომ შედეგი ბევრ საქმეში გვაქვს კატასტროფული. მათ შორის გამორჩეულად “სენტა პეტროლიუმის” საქმეში, რომელიც უსამართლო გადაწყვეტილებების ნათელი დადასტურებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები