ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს

როგორც „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება რომ მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია უნდა გაიარონ. (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).
მათივე ინფორმაციით, მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკო-ს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედიაორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
აკრედიტაციის გავლის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის სახელზე.
2. ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით ვრცელ ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა).
ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.
ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: Mედია@ცეც.გოვ.გე.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.
აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.
დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესებისა და მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღება მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი:
http://cesko.ge/geo/list/show/20690-media-warmomadgenlebis-akreditaciis-wesebi-da-uflebebi080616

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები