ირაკლი ბათიაშვილი: მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებიდან წასვლის დროს თადარიგი დაიჭირა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდი რაოდენობით შეიარაღება გადამალა “, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ირაკლი ბათიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილს გათვლა აქვს სროლაზე და არა კარვების დადგმაზე.
”ეს იარაღი ადგილზეა. გაკეთებულია სამალავები. ლაპარაკია დიდი ოდენობით იარაღზე. ერთ-ერთი სამალავი ლუგელაში აღმოაჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სამალავების უმეტესი ნაწილი კი არა, თითქმის არც ერთი სამალავი დღემდე გამოვლენილი და აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ლაპარაკია გარკვეულ მრავალრიცხოვან ჯგუფებზე, რომლებიც თავის დროზე მათი უშიშროების, ძალოვანი სტრუქტურების აღრიცხვაზე იყვნენ და ფულსაც უხდიდნენ. ასევე, საუბარია არა მხოლოდ ადგილობრივ ჯგუფებზე, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ჩემი ინფორმაციით, ისინი საქართველოში საკმაო რაოდენობით უკვე შემოსული არიან – ეს ხალხი უკვე აქ არის. ესენი გამოცდილი მებრძოლები არიან და ბევრი მათგანი ვიცი, რა მებრძოლებიც არიან. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მათ საკმაო დასაყრდენი და მხარდამჭერები ჰყავთ ძალოვან სტრუქტურებში, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ შორის უშიშროებაში. მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ძალოვნებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან აქტიურად მუშაობენ. ისინი კოორდინაციაში არიან ძალოვან სტრუქტურებთან და მათთან ინფორმაცია მიდის წყალივით. თავიანთი ხალხი ფარულადაც ჰყავთ გაწევრიანებული და უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უკეთეს შემთხვევაში, ეს ხალხი კრიტიკულ სიტუაციაში არაფერს გააკეთებს”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ირაკლი ბათიაშვილს მიაჩნია, რომ გუშინ, ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან რევოლუციის მოწყობის სცენარს განიხილავს, თავად სააკაშვილის მიერ არის ”შემოგდებული”. მისივე აზრით, მათ აწყობთ ყურადღება კარვების დადგამასა და საერთო სახალხო მღელვარების მოწყობაზე გამახვილდეს, რეალური გეგმა კი არის სხვა.
”რაზეც მე ვსაუბრობ, ეს ემყარება ინფორმაციასაც და ემყარება ანალიზსაც. მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უშიშროებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, ჩარხს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს. ეს არის სააკაშვილის ილუზია, მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე მაინცა და მაინც სროლამდე?!”, – აღნიშნა ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექსპრეზიდენტი არ ეთანხმება.
„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები