ჰეიდი ჰაუტალა – საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება ღირსშესანიშნავი და სამაგალითოა

პორტალ Commonspace.eu-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტში გამართული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ევროპარლამენტის ასზე მეტმა წევრმა, ასევე ევროკომისიის, ნატოსა და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს საკითხი განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტთაშორისო ფორუმის Euronest საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაუტალამ უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს მიზანმიმართულებასა და ძალისხმევას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ქართველ ხალხს. „საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება ღირსშესანიშნავი და სამაგალითოა“, – განაცხადა ჰაიდი ჰაუტალამ.
მან მაღალი შეფასება მისცა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას და მათი მაკონტროლებელი როლის შესახებ ისაუბრა.
რაც შეეხება თავად ევროკავშირს, ჰაუტალამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი იქცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის მძევლად, და ევროპარლამენტმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს ამ საკითხის ახლო მომავალში გადასაჭრელად.
ჰაუტალა შეუერთდა სხვა გამომსვლელთა მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის შემთხვევაში, მოდუნება და თვითკმაყოფილება დაუშვებელია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი პოლიტიკური გარემო, რათა ქვეყანამ მოიმკას გატარებული რეფორმების პირველი შედეგები.
პოლიტიკური დიალოგი, რომელიც მიეძღვნა თემას „საქართველო: მიღწევების აღიარება, რეფორმების კონსოლიდაცია და სამომავლო გამოწვევები და მისწრაფებები“, ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და LINKS-ის ორგანიზებითა და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ლატვიელი დეპუტატი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები