ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

„ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი იწყება, – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და „თი-ბი-სი ბანკის“ დაფინანსებით.
როგორც „კვირას“ პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს – „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდება.
28 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ.28) აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინება, შემოწმდება მათი მდგომარეობა და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნება. სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები – ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ.
რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი „თი-ბი-სი გალერეაში“ (მარჯანიშვილის 7), მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება. სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს, ოჯახმა ეს ნამუშევრები გადასცა „ხალხთა მეგობრობის მუზეუმს“, საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა. ამ დროიდან, ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ნახატებს მრავალმხრივი დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები