ირაკლი ბათიაშვილი: მეეჭვება, რომ ეს ჩანაწერი არ იყოს ავთენტური

ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას შეიარაღებული ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერის ბრალდებით გაასამართლა, “კვირასთან“ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს აფასებს.
ბათიაშვილი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსი, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
ბათიაშვილი კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მისი განცხადებები დაპირისპირების, სისხლისღვრის თავიდან აცილებას ემსახურებოდა.
„ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩემი იმჟამინდელი განცხადებები, მაშინ გამოსვლების და საუბრების შინაარსი იყო, რომ მშვიდობიანად უნდა გადაწყვეტილიყო ის კონფლიქტი. კოდორის ხეობის მოსახლეობა ნამდვილად არ იმსახურებდა იმას, რომ იქ სადამსჯელო-სამხედრო ექსპედიცია ჩატარებულიყო და განეიარაღებინათ ფრონტის პირას მცხოვრები მოსახლეობა. ჩემი განცხადებები მიმართული იყო იმისკენ, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, მეეჭვება, რომ ეს ჩანაწერი არ იყოს ავთენტური, თუმცა ეს ყველაფერი ექსპერტიზამ უნდა აჩვენოს, ექსპერტიზამ წარმომავლობა უნდა დაადგინოს. სააკაშვილის გონებაში რა გეგმებიც არსებობს, გარკვეულ ანალიზზე დაყრდნობით, ჩემთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. ეს არ არის გუშინდელი და დღევანდელი ამბავი, მე უბრალოდ ეჭვი მაქვს, რომ თვითონ სააკაშვილმაც იცოდა, რომ მას უსმენენ და უნდა, რომ ეს გახმაურდეს, მას აწყობს დაძაბულობის მუხტის ზრდა და ასე შემდგომ, რაღაცისთვის ემზადება, რა თქმა უნდა, სააკაშვილი დიდ გეგმას არ გაანდობს არც ბობოხიძეს და არც წერეთელს“, – აცხადებს ბათიაშვილი.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები