ნიკა გვარამია: კანონიერად მოპოვებული მასალების კანონიერად გავრცელება მიმაჩნია ჩემს უმძიმეს შეცდომად

„კანონიერად მოპოვებული მასალების კანონიერად გავრცელება დღეს ნამდვილად მიმაჩნია ჩემს უმძიმეს შეცდომად და იმ ხელისუფლების უმძიმეს შეცდომად“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველგვარ სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება.ამასთანავე, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი სხვებსაც მოუწოდებს, რომ „გაემიჯნონ არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ სამარცხვინოდ და ამორალურად ამ ტიპის მასალების კონტენტის განხილვას“.
„რაც შეეხება“ რუსთავი 2“-ის მიერ უკანონო ფარული მიყურადების და მათ შორის დაუდასტურებელი და არაავთენტური მასალების გაშუქებას, „რუსთავი 2“ ემიჯნება არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ ემიჯნება ამგვარი ფორმის მასალას და მოუწოდებს სხვებს, რომ გაემიჯნონ არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ სამარცხვინოდ და ამორალურად ამ ტიპის მასალების კონტენტის განხილვას. ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს ეხებათ, არამედ კერძო პირებსაც.
ამ ტიპის მასალების განხილვა არის სამარცხვინო ამორალობა და მე პირადად, როგორც ადამიანი, რომელსაც კანონიერად მოპოვებული მასალების კანონიერად გავრცელება დღეს ნამდვილად მიმაჩნია ჩემს უმძიმეს შეცდომად და იმ ხელისუფლების უმძიმეს შეცდომად, ვისმენ რამდენიმე წელია მორალისტურ დარიგებებს იმ ხალხისგან, ვინც დღეს უკანონოდ მოპოვებულ, უკანონოდ გავრცელებული მასალების შინაარსს სრული სერიოზულობით არჩევენ, ეს იმ ვითარებაში, როდესაც არ დადასტურებულა ამ მასალების მოპოვების კანონიერება, და უფრო მეტიც არ დადასტურებულა ამ მასალების ავთენტურობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვემიჯნებით ასეთი ტიპის მასალების კონტენტს. ჩვენი გაშუქება შეეხება მხოლოდ ამ მასალების მოპოვება-განთავსების კანონიერებას და პასუხისმგებლობას იმ პირებისა, ვინც ასეთ მასალებს ამგვარად მოიპოვებს და განათავსებს. ეს არის რუსთავი 2“-ის პოზიცია მთელ დარჩენილ წინასაარჩევნო პერიოდში და არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები