ნიკა გვარამია: “რუსთავი 2” მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას

 

“პირობას ვდებ: იქ, სადაც მე ვიქნები, არ იქნება სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არც ერთი მიზეზით”,  – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალურმა მდივანმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამიამ საზოგადოებას ტელეკომპანიის სტრატეგია გააცნო. გვარამია ამბობს, რომ „რუსთავი 2“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას.
“რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებას, თვითონ ეს სიტყვათშეთანხმება მზარავს. მე ვარ ე.წ. “ზვიადისტების” ოჯახიდან, რომელიც უმძიმესად არის დაზარალებული, ერთადერთი სახელმწიფო გადატრიალებით ამ ქვეყნის ისტორიაში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც “ვარდების რევოლუციის” მონაწილე, ეს იყო არა გადატრიალება, არამედ ადამიანების მიერ საკუთარი ხმების დაცვა. სახელმწიფო გადატრიალება იყო ის, რაც მოხდა 1991 წელს. მზარავს ამ სიტყვების გაგონება და პირობას ვდებ: იქ, სადაც მე ვიქნები, არ იქნება სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არც ერთი მიზეზით. “რუსთავი 2”-ი მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და სხვა ტიპის აქტორებს, გაემიჯნონ ხმამაღლა და ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები