ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემის – „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა“ წარდგინება გაიმართება

28 სექტემბერს, 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემის – „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ეს პირველი გამოცემაა, რომელიც თანამიმდევრულად წარმოაჩენს ქართული დამწერლობისა და შრიფტის განვითარების ეტაპებს საუკუნეების განმავლობაში.
წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილია ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი, ასევე – ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯების ულამაზეს ნიმუშები, ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე; წიგნის მეორე ნაწილი წარმოაჩენს ქართული ტიპოგრაფიკის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს ფონტებამდე.
აკა მორჩილაძის საინტერესო სტატია და 1.000-ზე მეტი უნიკალური ილუსტრაცია წიგნს მიმზიდველს ხდის ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურით და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილით – ქართული დამწერლობითა და შრიფტით.
პროექტი გრაფიკული დიზაინის ასოციაციამ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ქართუ”, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, “თი-ბი-სი” ბანკის, თბილისის მერიისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” მხარდაჭერით, განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები