ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალური ფრთა ადასტურებს, რომ ხალხის ნებით ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიგურირებენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
როგორც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ადასტურებს, თუ რაზე არიან ისინი წამსვლელები.
„აუდიოჩანაწერში არანაირ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არ არის. რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ხალხის ნების რეალიზაციას სამართლებრივი და კანონით დადგენილი პროცედურებით უშლის ხელს ხელისუფლება.
აქ საუბარია სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხალხის ნების საწინააღმდეგო ქმედებაზეა საუბარი და ხალხის ნება რომ მათ წინააღმდეგ არის, ამ საუბარში ცხადად გამოჩნდა. ისინი აგებენ არჩევნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალური ფრთა ადასტურებს და დარწმუნებულია, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და ხალხის ნებით ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. შესაბამისად, მათ უნდა გაამრუდონ ხალხის ნება ძალდობრივი გზით.
ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას საკუთარი ხალხი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებრივი ქმედებებისგან, რა მოტივითაც არ უნდა იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ადასტურებს რაზე არიან ისინი წამსვლელები. აქ ახალი არაფერია. ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, დადასტურდა.
სახელმწიფო ვალდებულია კანონით დადგენილი პროცედურებით რეაგირება მოახდინოს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნებისმიერ ქმედებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა და სუს-ი მოახდენენ ადეკვატურ, სწრაფ და კომპეტენტურ რეაგირებას ყველაფერზე, რისი მომსწრენიც ჩვენ დინამიკაში ვართ. მთავარია, სახელმწიფო არის ხალხის სამსახურში“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.
მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის საუბარში კონტრდაზვერვით საფრთხეს ხედავს.
„მიხელ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მაღალი თანამდებობის პირი, შესაბამისად, ეს კონტრდაზვერვითი საფრთხეც არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი მუხლით განსახილველი საქმე. ამიტომ საქმეს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და დიპლომატიური სამუშაოც არის. ჩვენ სტრატეგიული მეგობრობა გვაკავშირებს უკრაინასთან, რომელიც ოკუპაციურ განსაცდელშია ახლა და მის წიაღში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში რას გეგმავს, ვიცით. სახელმწიფო ძლიერია და არ დაუშვებს ერთი მუჭა ავანტიურისტების მიერ დაგეგმილი დანაშაულის განხორციელებას. ვერ აღსრულდება მარგინალ დანაშაულებრივ ჯგუფთა ნება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები