ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

ODHIR -ის სადამკვირვებლო მისია საარჩევნოპერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა ანგარიშის მიხედვით, საქართველომ  შეასრულა მათი რეკომენდაციები  საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულ  ცვლილებებთან დაკავშირებით.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უფრო მეტად ინკლუზიურია, რადგან ამარტივებს ხმის მიცემის პროცედურებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ოფიციალურად რეგისტრირებული მისამართი ან მოქმედი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; მოქმედებს სპეციალური ნორმები, რომლებიც ხელს უწყობს არჩევნებში  შშმ პირთა  მონაწილეობას.
ეუთოს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ   საარჩევნო სიების სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ  ზომებს, მათ შორის კარდაკარ გამოკითხვის მეთოდს და  სახის ამოცნობის პროგრამის გამოყენებას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ნომინირებულნი არიან პარტიულ სიებში; და მათ ენებზე თარგმნილია ადმინისტრაციული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

რაც შეეხება დამკვირვებლებს, შუალედური დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კოდექსი არეგულირებს მოქალაქეთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვების შესაძლებლობას და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს  63 სამოქალაქო და 30 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია განახორციელებს.

“დღევანდელი მდგომარეობით, ეუთოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიები დარწმუნებულნი არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმსა და საქმიანობის ხარისხში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა არაერთი ბრალდება, რომლებიც, ძირითადად, რაიონულ საარჩევნო კომისიების მიერ ქვედა დონის კომისიებში წევრების მიკერძოებულად დანიშვნის საკითხს ეხებოდა. საარჩევნო ორგანოების წარმომადგენლები შეეცადნენ, გაეზარდათ საარჩევნო უბნებში წევრების დანიშვნის წესის გამჭვირვალობა. სხვა ზომებთან ერთად, ამ მიზნის მისაღწევად გამოქვეყნდა აღნიშნული წევრების გამოცდილებასთან დაკავშირებული სტატისტიკა“,- ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო  მისიის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები