ელექტრომობილებისთვის გასამართი სადგურები გაიხსნება

თბილისის რამდენიმე ადგილას ელექტრომობილებისთვის გასამართი სადგურები გაიხსნება. კერძოდ, კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, დედაქალაქის მთავრობამ შპს „ი-სფეისს“ ცენტრების მოსაწყობად შესაბამისი ტერიტორია გამოუყო.
დღესდღეობით საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილია. ახალ გასამართ სადგურებში მათ ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, თითო მანქანის ბოლომდე დამუხტვას მიახლოებით 2,5-3 საათი სჭირდება. უახლოეს ხანებში კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბნებში კიდევ 30-50 ცენტრის ამოქმედება აქვს განზრახული.
მოგვიანებით კი, საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციაც იგეგმება. ტრანსპორტის სამსახური ზოგიერთ საფეხმავლო ქუჩაზე ელექტროავტობუსების დანიშვნის საკითხს განიხილავს.
სახელმწიფომ ელექტრომობილების იმპორტის წასახალისებლად ისინი საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები