ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც კანონი, როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია

„ 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება, ანუ, როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. განათლების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. ჯეჯალავამ ყურადღება გაამახვილა გრიფირების საკითხზე და გამომცემლებთან ურთიერთობებზე. მისი თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან I-IV კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.
მინისტრის ინფორმაციით, მომავალ წელს სახელმწიფო სახელმღვანელოებს გამომცემლობებისგან შეიძენს.
”მომავალ წელს ჩვენ მოგვიწევს ფაქტობრივად ყველა სახელმძღვანელოს თავიდან მომზადება. ზოგიერთ კლასში ახალი შინაარსის მქონე, ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იქნება, ზოგიერთ კლასში კი- ძველი შინაარსის მქონე, ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები. მომავალ წელს ეს ყველაფერი ჩვენ დაახლოებით 18-19 მილიონი ლარი დაგვიჯდება. ეს არის პირველადი საბიუჯეტო შეფასება”, – განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირადად მას ოცამდე გამომცემელთან ხუთი შეხვედრა ჰქონდა. ჯეჯელავას შეფასებით, გამომცემლები ბავშვზეც და ხარისხზეც ზრუნავენ.
”გრიფირების ახალ წესში გვინდა იყოს პირველი წელი, როდესაც ავტორი საზოგადოებისგან – მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სხვა მხარეებისგან შემოსული შეცდომების შესწორებების, წინადადებების სახელმძღვანელოში შეტანას თავის თავზე აიღებს. აქამდე ასე არ იყო. ამიტომ, 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება, ანუ როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრი ფიქრობს, რომ ახალი სახელმძღვანელოები ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ასევე, იგი იმედოვნებს, რომ გრიფირება ყოველ წელს მოხდება.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ელექტრონული სახელმძღვანელოების ალტერნატივის ეტაპობრივ შეთავაზებაზეც ისაუბრა. მინისტრი ფიქრობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების ”პირველი მერცხლები” 2017 წელს გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები