საარჩევნო ადმინისტრაციამ ანგარიშების თვალსაზრისით ახალი სტანდარტი დაამკვიდრა-თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობოებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
როგორც „კვირას“ ცესკოდან აცნობეს, ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ, ანგარიშგების თვალსაზრისით, ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
მედიის შემდეგ საარჩევნო პერიოდის საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში დღეს უკვე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში უდიდესი შრომაა ჩადებული და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საქმიანობას სწორედ ანგარიშის მეშვეობით ასაჯაროებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე. თამარ ჟვანიას განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება.
ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს შედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები