კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნას არ დაეთანხმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიების – შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.
„კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში თბილისის მერიის დაკვეთით სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული. საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეორგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არც ერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა, სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული ვიდეორგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე, შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661-ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები