განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის წევრების მოთხოვნებს პასუხობს

„დღეს ჩვენ ვნახეთ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება როგორ ექცევა თავის ხალხს, დგას და უსმენს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. განათლების მინისტრმა „აუდიტორია 115“-ის წევრების მოთხოვნების საპასუხოდ განათლების სამინისტროს პოზიცია დააფიქსირა. მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რაც სტუდენტებს უნივერსიტეტის მართვის მიმართ გააჩნიათ.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება როგორ ექცევა თავის ხალხს – დგას და უსმენს. ჩვენ ვაპირებთ დავდგეთ და მოქალაქეებს, ვისაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, არ დავუშალოთ არაფერი.პირიქით, ყურადღებით მოვუსმინოთ. ასევე, როგორც ბატონმა რექტორმა ბრძანა, ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა, ვიზიარებთ – მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება- ამ ყველაფერს ვიზიარებთ.
ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს, როცა სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც ჩვენგან სტუდენტები მოითხოვენ. ამავე დროს, ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ უფროსკურსელი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, პირველი სასიამოვნო, სახალისო, საზეიმო დღე პირველკურსელს ასეთი ფორმით ჩაატარებინოს.
ვფიქრობ, ეს ადამიანები სტუდენტების ფართო რაოდენობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, არამედ ისინი თავისი კონკრეტული მოსაზრების წინა პლანზე წამოწევისთვის გამოიყენეს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის განცხადებით უნივერსიტეტში დაგეგმილია ცვლილებების პროცესი, რასაც სამინისტრო სტუდენტებთან ერთად განახორციელებს.
”ეს პროცესი დასრულებადი არ არის. ყოველ წელს გარემო შეიცვლება, უნივერსიტეტი წინ მიდის, მისი რეიტინგი მაღლდება, სამეცნიერო კვლევაც უმჯობესდება, სოციალურად დაუცველების მდგომარეობა, საერთო საცხოვრებლების მდგომარეობაც უმჯობესდება. გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, – დღესვე არ შეგვიძლია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები