ცეზარ ჩოჩელი წეროვანში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ბიზნესმენი, მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი წეროვანში მომხდარ ფაქტს კარგად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.
ცეზარ ჩოჩელი ირწმუნება, რომ წეროვანში გუშინ არანაირ საგზაო ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„მემკვიდრეობით, გენეტიკურად მატყუარა და ცრუ ადამიანი ხარ დიმიტრი ხუნდაძე!!! კანონმდებელი, რომელიც გამოდის და მედიასაშუალებების დახმარებით საჯაროდ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და საქვეყნოდ დამნაშავედ აცხადებს 49 წლის ხეობელ ადამიანს, სხვა რა უნდა ვუწოდოთ? ბატონო დიმიტრი, 13 წლის ვაჟკაცი კაცი ეზრდება გია ჩიტიშვილს სახლში.
ადამიანს, რომელსაც არაფერი გიკეთებიათ 4 წლის განმავლობაში, დღეს თავი რითი გინდათ დაგვამახსოვროთ  თავი ხეობელებს?  თაობები უნდა დააპირისპიროთ ერთმანეთს?  ნათესავები უნდა გადაამტეროთ?!! წლების წინ თქვენი წინაპრის უღირს საქციელზე საუბრობდა მთელი ხეობა, დღეს კი მთელი წეროვანი – თქვენზე … არანაირი საგზაო ინციდენტი არ ყოფილა! – იყო პროვოკაცია. არანაირი დაზარალებული არ არსებობს, იმიტომ რომ არ ყოფილა ფაქტი!
ინციდენტი, უფრო სწორად არც თუ ისე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. სახლისკენ მიმავალი გია ჩიტიშვილი იხსენებს, რომ დაინახა, როგორ გააკეთა უცნაური მოძრაობა ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც თითქოს მის გამოჩენას ელოდებოდა.
„ ჩავთვალე რომ ქუჩაში მიმავალი ცუდად გახდა. მანქანიდან გადმოვედი და დახმარება შევთავაზე. ზეინაბ მეტრეველმა მიპასუხა, დამეჯახეო. მანქანას შევხედე, მტვერიც კი არ იყო არსად გადაცლილი. რამე იტკინეთ-მეთქი? მიპასუხა, არაფერიო და ისეთი სისწრაფით წამოდგა და წავიდა, რომ მეტის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. ამ ინციდენტიდან 4 საათის გასვლის შემდეგ სახლში მოსულა, სადაც ჩემი მეუღლე და სიდედრი დახვდა.
ზეინაბ მეტრეველს უთქვამს ტელეფონი დამიზიანდა რომ წავიქეცი და ახალი ტელეფონის შესაძენად ფული მომეცითო. ინციდენტიდან 6 საათის გასვლის შემდეგ, გულის ტკივილის მიზეზით, სასწრაფო გამოიძახეს და ისე გადაიყვანეს მეტრეველი საავადმყოფოში. ახლა ჩვენი დიაგნოზიც მოისმინეთ, ბატონო დიმიტრი !!! ზეინაბ მეტრეველის საქციელი უფრო ნერვიულ შეტევას ჰგავს დავალების ჩავარდნის შემდეგ. რომლის თვითმიზანიც ის იყო, რომ როგორღაც გია ჩიტიშვილის სახლიდან ფული წამოეღო, ვითომდა დაზიანებული ტელეფონის სანაცვლოდ, შემდეგ კი თქვენ ააფრიალებდით უკვე „შემდგარ ფაქტს“, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს ინციდენტიდან 4 საათის შემდეგ ზეინაბ მეტრეველის უბან-უბან სირბილი (ჩვენ ვართ ამისი მოწმეები)? თუ ეს ასე არ არის, რას ნიშნავს ინციდენტიდან 6 საათის შემდეგ გამოძახებული სასწრაფო? თუ ეს ასე არ არის, რას ნიშნავს ის, რომ ვითომდა დაზარალებულს არ აღენიშნება იოტისოდენა დაზიანებაც კი. იმაზეც გაგვეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენ მიერ უდანაშაულო ადამიანის საჯაროდ დამნაშავედ გამოცხადება? სირცხვილია, გამოდიხართ და თავს იწონებთ სხვისი ლანძღვით. თქვენი საარჩევნო კამპანია ღირსეული ადამიანების ოჯახის ტრაგედიაზე გინდათ ააგოთ! არც ერთი თანამდებობა არ გიღირდეთ სხვის ცრემლად.
ამას არც ჩვენ გაპატიებთ და არც უფალი, რომელსაც ასე ხშირად იმოწმებთ და იფიცებთ. რაც შეეხება ფულს, ცეზარ ჩოჩელი ფულს მხოლოდ გაჭირვებულის დასახმარებლად იხდის და არა ამომრჩევლის მოსასყიდად, მას ეს არ სჭირდება, რადგან იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს ვიდრე თქვენ ამომრჩეველი. გარშემო მიმოიხედეთ, სიძულვილის თვალებით გიყურებთ ყველა. იმედს ვიტოვებთ, რომ “ქართული ოცნება” სწორად შეაფასებს თქვენს ქცევებს, რადგან თქვენ, თქვენი საქციელით, შეურაცხჰყოფთ ამომრჩეველს და პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცეზარ ჩოჩელის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ მცხეთის კოორდინატორი ზეინაბ მეტრეველი მცხეთის საავადმყოფოში მოათავსეს. მმართველი გუნდის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ზეინაბ მეტრეველს მანქანით ცეზარ ჩოჩელის ბიძაშვილი – გიო ჩიტიშვილი დაეჯახა.
მისივე თქმით, გიო ჩიტიშვილი საკრებულოს დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „ქართული ოცნების“ კოორდინატორს მიაჩნია, რომ მას პოლიტიკურად გაუსწორდნენ. ამასთანავე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც მოსახლეობას ხვდებოდა, გიო ჩიტიშვილი შეეკითხა, თუ რატომ დადიოდა კარდაკარ, მერე მანქანა უკან დაწია, დაძრა და ქალბატონს დაეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები