უფლებადამცველი: აჭარის მოსახლეობის უმეტესობა “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარის მთავრობაში მოსვლის უფლებას არ მისცემს

“აჭარის მოსახლეობის უმეტესობა “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარის უმაღლეს საბჭოში ან თუნდაც აჭარის მთავრობაში მოსვლის უფლებას არ მისცემს“, – ამის შესახებ “კვირას” უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ განუცხადა და მიზეზად 25 სექტემბერს ბათუმის ბულვარში გამოსულ მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა დაასახელა.
როგორც ბაკურიძე ირწმუნება, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმილ აქციაზე ამომრჩევლის 1 პროცენტის გამოყვანაც კი ვერ შეძლო, რაც მისი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემას შეუქმნის.
“ბათუმში ხუმრობენ, რას მოესწრო “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მათ მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც უნდა მიეყვანათ 5 ათასზე მეტი აქტივისტი, გაიმართა ბათუმის ბულვარის ბუჩქებში. მათ შეარჩიეს ისეთი ვიწრო ადგილი, ხალხი რომ მჭიდროდ დამდგარიყო და მაყურებლების თვალში გამოჩენილიყო ისე, როგორც ფართომასშტაბიანი აქცია. სინამდვილეში, იქ მაქსიმუმ 3 ათასი ადამიანი თუ ეტევა. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად აქცია დაგეგმილი იყო ერას მოედანზე ან ანბანის კოშკთან, თუმცა როგორც მე ვიცი, პარტიაშიც კი აზრთა სხვადასხვაობა იყო, რომ საკმარისი ამომრჩევლის მიყვანა გაუჭირდებოდათ. “ნაციონალურ მოძრაობას” ფაქტობრივად პოლიტიკური ყაზარმული მდგომარეობა ჰქონდა გამოცხადებული. მათ არ დაუტოვებიათ არც ერთი სოფელი, რაიონი, მეტსაც გეტყვით, ადიგენში და წალკაშიც კი ჩავიდნენ ლიდერები და იქ დასახლებულ აჭარელებს სთხოვდნენ, დაკავშირებოდნენ ნათესავებს და ბათუმში დაგეგმილ აქციაზე გასულიყვნენ.
თუმცა ვნახეთ, რომ მათ, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, 1 პროცენტის გამოყვანაც კი ვერ შეძლეს, მით, უმეტეს, როდესაც მობილიზებას აცხადებ და გამოგყავს მთელი აჭარა, რეგიონის მასშტაბით აქტივისტი და ამას ორგანიზებას თავად უკეთებ. გასათვალისწინებელია რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, ანუ სიცივისა და თოვლის მიუხედავად, არ დააკლდებიან აქციას. როდესაც 300 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგიონში და შენ ვერ გამოგყავს 3 ათასზე მეტი, რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ისინი ბარიერსაც კი ვერ მიუახლოვდებიან.
კი აცხადებენ 8 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთო. ლამის ლევან ვარშალომიძემ მთავრობა დაამტკიცა, მაგრამ ეს ქაღალდზე უფრო დარჩება. აჭარის მოსახლეობამ უკვე გამოხატა პოზიცია, რომ მათ მხარს არ დაუჭერს. არ მოგწონდეს ოცნება ან არ გიყვარდეს ან ოცნებამ არ გაგიმართლა, არ ნიშნავს, იმას რომ აჭარის მოსახლეობა “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს მხარს”,-განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” სხვა პოლიტიკური პარტიებისგან პროფესიონალური სიცრუით გამოირჩევა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, “ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუისა და სიყალბის ტირაჟირებაში ხელს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და ექსპერტთა გარკვეული ნაწილი უწყობს.
“ნაციონალური მოძრაობა ” გამოირჩევა სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმით, რომ ისინი არიან კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, პროფესიონალები, რომლებიც უფრო ადვილად ახერხებენ მოსახლეობას სიცრუე და სიყალბე უთხრან. ამაში მათ ხელს უწყობს „რუსთავი 2“, გარკვეული არასამთავრობოები და ექსპერტები. მათ რომ ესენი ჩამოვაცალოთ, “ნაციონალური მოძრაობისგან” არაფერი დარჩება.
მერწმუნეთ, კონკურენციას ისინი ამ მედიასაშუალებებით ახერხებენ. სინამდვილეში, ჩვენ ეს საშუალება რომ მივცეთ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა ბოლოდან პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აკვირდება პროცესს, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ან თუნდაც აჭარის მთავრობაში მოსვლის უფლებას ნამდვილად არ მისცემენ“,- განაცხადა ბაკურიძემ “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები