„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლას ითხოვენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესწავლას ითხოვს. საქმე ეხება 2004 წელს როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებას, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადასცა. ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიიღო.
როგოც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, მოსამართლემ, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიერ ჩამორთმეული ქონების საქმეს იხილავდა, სწორედ განხილვის პერიოდში შეიძინა სახლი თბილისში, რომელიც დის სახელზე დაარეგისტრირა.
„დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. გვაინტერესებს, რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება. მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია 54,20 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირზე, რომელიც რიცხულია მოსამართლის დის, ხათუნა ფარქოსაძის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 20 თებერვალს. უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან. უძრავი ნივთის სარეგისტრაციო წარმდგენ მხარედ დაფიქსირებულია თამარ ლონდარიძე შპს „რეესტრი+“-ის სახით. აღნიშნული კომპანია 2014 წლის იანვრიდან საქმიანობს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელია „საქართველოს ბანკების ასოციაცია“. კომპანიის მოქმედი დირექტორიც „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ოფიციალურ გვერდზე მითითებული პროექტების მენეჯერია. „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ ეფუძნება, მათ შორის, საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვას.
ასოციაცია და მისი წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან. ცნობისთვის, იპოთეკური კრედიტის ღირებულება შეადგენს: 40000,00 დოლარს“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში არჩილ კაიკაციშვილმა.
ორგანიზაცია დიანა ფარქოსაძის მხრიდან დამატებითი განმარტებების გაკეთებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები