თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა
2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან, მიხაელ ლინჰარტთან ერთად, თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
მისასალმებელ სიტყვაში გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საელჩოს გახსნისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლიერება გამოხატა ავსტრიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.
2015 წლის ზაფხულში, ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე. საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა არად ბენკო. 2016 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს დიპლომატიური დაფარვა აზერბაიჯანში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოდან ხდებოდა.