„კადრები თუ გინახავთ ვალერი გელაშვილის როგორი იყო” – ივანიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მოტყუებას ოსტატურად აგრძელებს.
როგორც ტელეკომპანია “GDS”-ის პირდაპირ ეთერში, კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, მოსახლეობა „რუსთავი 2“-ს უყურებს, სადაც სიცრუის ტირაჟირება ხდება და ვალერი გელაშვილის საქმის მსგავს საქმეებზე, თითქოს არაფერი მომხდარა.
„კადრები თუ გინახავთ ვალერი გელაშვილის როგორი იყო. აი, ეს იყო ის ხელისუფლება. რისთვის სცემეს? როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს. უფულოდ სთხოვდნენ და სიკვდილამდე მიიყვანეს პირდაპირი მნიშვნელობით, შემთხვევით გადარჩა. საზოგადოებას შევახსენებ კიდევ, რომ საოცრებებს დაანებეთ თავი.
ყველაზე მეტად განვიცდი, 200-250 ათასი კაცია მაგათი მხარდამჭერი, ვერ იზრდება საბედნიეროდ, მაგრამ არც მცირდება. ვნახოთ რას აჩვენებს ეს არჩევნები. მიკვირს იმ ხალხის, ვინც კიდევ „ჭამს“ და კიდევ უჭერს მხარს მათ. როგორ ახერხებენ ხალხის მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან. ხალხი არის მსხვერპლი მათი სიცრუის, ძალიან განვიცდი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები არიან. ეს ხალხი უყურებს „რუსთავი 2-ს“ და იჯერებს სიცრუეს. როდესაც გელაშვილის მსგავსი საქმეა და მისთანები, თითქოს არაფერი მომხდარაო. გელაშვილის მაგალითი იდეალურია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე განაჩენი რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.