გიორგი კვირიკაშვილი: ხალხის მიერ არჩეულ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს 71-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და NATO-მ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია.
„ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვართ NATO-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და NATO-მ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში“. მეორე მხრივ, „მუშაობის პროცესი მუდმივად ვითარდება“.
„დღეს ჩვენ ახალ ათასწლეულში დიდი წარმატებების მისაღწევად ვემზადებით. ჩვენ ვაშენებთ ინოვაციებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის ყველა თაობის წარმომადგენლები მომავალს იმედის თვალით უყურებენ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.