გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ განვახორციელებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში
“შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის პორტები, გზები და სატრანსპორტო ქსელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამბიციური და რევოლუციური აბრეშუმის გზის განვითარების გეგმაში, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.
„შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირებთ საქართველოს რეგიონებს და თავად საქართველოსაც დავაკავშირებთ ფართო რეგიონთან. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენი პორტები, გზები და სატრანსპორტო ქსელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამბიციური და რევოლუციური აბრეშუმის გზის განვითარების გეგმაში, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.
ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს სტრატეგიული მიმართულებებით.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა, დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენთვის საპატიო და სასიხარულოა თანამშრომლობა ჩინეთსა და აბრეშუმის გზის პროექტის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ სავაჭრო და საინვესტიციო დერეფნის უზრუნველყოფაში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს.
როდესაც ვლაპარაკობთ კავშირგაბმულობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერნეტი, რომელიც წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის, ალბათ, ყველაზე სერიოზულ მამოძრავებელ ძალას. კავშირგაბმულობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სისტემის დანერგვა, რომელიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ყველაზე მიუწვდომელი სოფლების მოსახლეობასაც კი. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია“,- აღნიშნა პრემიერმა.