გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. „რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას.
ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის აშშ-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.