გიორგი კვირიკაშვილი: მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე

“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა შექმნა.
პრემიერის თქმით, ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად მთავრობის მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს. ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა. ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია, საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში – თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას. ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა. მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას. გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება: 1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა. 2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ. 3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია – თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას. პატივცემულო კოლეგებო, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის – მისი ხალხის აქტივაციას. შესაბამისად, განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე“,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები