როგორ აფასებენ და იზიარებენ თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო მემორანდუმს პოლიტიკური პარტიები?
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.
მემორანდუმის ტექსტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მემორანდუმი დღესვე გაეგზავნებოდათ საარჩევნო სუბიექტებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმე არ შეუერთდება მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.
“ქართული ოცნების” საარჩევნო მემორანდუმს პოლიტიკური პარტიების ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი არა. როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, მემორანდუმს იზიარებენ , “რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე „პატრიოტთა ალიანსი“.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ”რესპუბლიკური პარტია” ხელს აწერს ყველა მემორანდუმს, დეკლარაციას, კონვენციას, დაფიცებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად.
დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავენ “თავისუფალი დემოკრატებიც“.
როგორც “კვირასთან“ საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, “თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. მშვიდობის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. თუმცა დოლიძისთვის გაუგებარია, რა დატვირთვა ექნება აღნიშნულ მემორანდუმს, როდესაც არსებობს “საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება, რომლის ინიციატორიც თავად იყო.
“ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი”, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი. ახალი ველოსიპედის გამოგონება რაში დასჭირდა ხელისუფლებას, არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ინიციატივას და წამოწყებას, რომელიც შესაძლებელია წაადგეს არჩევნების ცივილურად ჩატარებას, მზად ვართ ერთს კი არა 10 დოკუმენტს მოვაწერო ხელი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: არსებობს დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი, რატომაა საჭირო ახალი დოკუმენტის შექმნა?! სხვა მხრივ, ალბათ, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ, რომ ჩვენს მხარდამჭერებს აგრესია გამოეხატოთ, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი რომ „მშვიდობის მტრედები“ ვართ . ჩვენ ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს, ყოველთვის ვითვალისწინებდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ, ამ მხრივ სამაგალითოები ვართ“, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავს „ირმა ინაშვილი-გაერთიანებული ოპოზიცია“.
როგორც “კვირასთან” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, პარტია მემორანდუმის პათოსს იზიარებს. თუმცა ინაშვილი აცხადებს,რომ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, პარტიას აღნიშნული მემორანდუმი პროტესტის გამოხატვაში ხელს ვერ შეუშლის.
„მემორანდუმის პათოსს ვიზიარებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ გაეფორმებინა ეს მემორანდუმი ოპოზიციურ პარტიებთან, როცა ჩვენ ვითხოვდით საარჩევნო სისტემის შექმნას. მაშინ ხელისუფლებამ სრული იგნორირება გამოიჩინა, გაემიჯნა ოპოზიციას, ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და მკაფიოდ თქვა, რომ „ჩვენ ძალაში ვტოვებთ სააკაშვილის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსს, არაფერს არ ვცვლით და არის ეს მოცემულობა”. ეს მოცემულობა კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ, როგორც კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას, არ გვყავს წევრი საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც არის ჩვენი, როგორც კვალიფიციური პარტიის, დისკრიმინაციას ნათელი მაგალითი. რაც შეეხება მემორანდუმს, მის პათოსს ვიზიარებთ. სავარაუდოდ, ხელსაც მოვაწერთ, მაგრამ მშვიდობიან გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ჩვენ – ოპოზიციური პარტიები არ ვართ, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მემორანდუმის გაზიარება ნიშნავს იმას,რომ სულისკვეთებას ვუერთდებით – გვინდა მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი,მაგრამ თუ ეს ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ეს მემორანდუმი ჩვენ არ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ გაყალბებული არჩევნები”, – განუცხადა „კვირას“ ირმა ინაშვილმა.
ე.წ. მშვიდობის დოკუმენტს იზიარებს “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“.
როგორც “კვირასთან“ პარტიის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს ხელისუფლებას, მათი პარტია მზადაა, მოაწეროს ხელი მემორანდუმს, რათა არ გააჩინოს სპეკულაციის საფუძველი.
„საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს ხელისუფლებას, ჩვენ არ ვიმყოფებით საომარ ვითარებაში, რომ რაღაც მემორანდუმებს ვაფორმებდეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს მოვაწერთ, რომ არ დავტოვოთ რაიმე სასპეკულაციო ამ კუთხით. ჩვენთვის მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვთვლით, რომ აღნიშნულ მემორანდუმზე ხელის მოწერა არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ “ეროვნული ფორუმის“, “ლეიბორისტული პარტიის“, ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. “კვირასთან“ საუბრისას “ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ „ეროვნულ ფორუმს“ დისციპლინის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ამჯერად არ შედის მათი პარტიის მხარდამჭერების გეგმებში ძალადობრივი მეთოდებით მოქმედება.
„ჩვენ არ ვუერთდებით ამ მემორანდუმს. ამის არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ ცემა-ტყეპას და დაპირისპირებას, იმიტომ, რომ „ეროვნულ ფორუმში“ დისციპლინის პრობლემა არასდროს ყოფილა. თუკი ვინმე შემჩნეულია ცემა-ტყეპაში და თუ ვინმეს სჭირდება მემორანდუმი და ურთიერთშეთანხმება, ასეთი ორი პარტია ვიცი: ერთი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ქართული ოცნება“, ისინი თუ გააფორმებენ ერთმანეთთან მემორანდუმს, რომ არ დაუწყებენ ერთმანეთს ქვების სროლას და სხვა ძალადობრივ მეთოდებს არ გამოიყენებენ, ძალიან კარგი იქნება და საარჩევნო პროცესი კარგად ჩაივლის. ჩვენი მხრიდან პრევენცია უკვე მიღებულია, ვინაიდან არ ვაპირებთ ცემა-ტყეპაში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულ მეთოდებს მიმართავენ ის ძალები, რომლებსაც იმედი არ აქვთ. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვებს ისვრიან და ძალადობენ, არც იმსახურებენ მხარდაჭერას და მათ პოლიტიკაში ყოფნის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ“, -განაცხადა ანი მიროტაძემ.
“ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა, ისევე როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ტუღუში, ”ქართული ოცნების” მიერ პარტიებისთვის ხელმოსაწერად ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმს უწოდებს.
”თავიდან პარტიაში იყო პოზიცია, რომ ნამდვილად არავითარი პრობლემა არ გვქონდა და როდესაც მემორანდუმის შემოთავაზება დაანონსდა, არანაირი დიდი წინააღმდეგობა, რომ ხელი მოგვეწერა, არ იყო. თუმცა იმ დღიდან, რაც დააანონსეს, რომ მემორანდუმის ტექსტს წარმოადგენდნენ, გავიდა რამდენიმე დღე და ამ მოკლე პერიოდში ადგილი ჰქონდა არა ერთ ინციდენტს და თავდასხმას ჩვენს ოფისებზე, ასევე პარტიის ბანერებზე, სხვადასხვა მასალებზე. იყო ფიზიკური დაპირისპირება ოფისებში. მთელ ამ მოვლენებში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია და არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა”, – განაცხადა ტუღუშმა.
“კვირასთან“ საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამ პარტიის ინიციატივა ცინიზმად შეაფასა და აღნიშნა, რომ მას “ლეიბორისტები“ არ შეუერთდებიან.
”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა.
ცნობისთვის, მემორანდუმი გავრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე.