ალექსანდრე ჯეჯელავა: ფაქტი, რომ ბათუმში თურქული სკოლის მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, დაუჯერებელია

“ფაქტი, რომ ბათუმში თურქული სკოლის მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია”,-ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონდარღვევით სკოლა კი არა, საერთოდ არაფერი არ უნდა აშენდეს და გაიხსნას. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასევე მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არ დაეპატიჟათ განათლების სამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლების წარმომადგენლები.
„თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლის გახსნის სურვილი ჰქონდათ, ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე პრინციპში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება.
ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს.
ასევე, ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არ დაეპატიჟათ განათლების სამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეს არ არის ისე, როგორც ზოგადად საქმე კეთდება. ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის. თუმცა მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი არაერთი სკოლაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები