The Washington Times: დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს
„დასავლეთის ქართული იმპერატივი“, – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Times სტატიას საქართველოს შესახებ.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მაღალი დონის ვიზიტები ქვეყანაში ზრდის მის ცნობადობას ევროპაში და ამერიკის ერთგულებას ამ ქვეყნისადმი. თუ საქართველო განვითარების ვექტორს შეინარჩუნებს, ამ სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოიტანოს.
სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ ნატოსთან ინტეგრაციის გაგრძელება, შორეულ მომავალში მისი სრული წევრობის ჩათვლით, დაარწმუნებს ქართველ ერსა და მათ ლიდერებს, რომ თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა ირგვლივ მყოფი, ნაკლებად მეგობრული სახელმწიფოების მიერ განხორციელებული წნეხის ღირსეული კომპენსაციაა.
ობამას პრეზიდენტობის რვა წლის მანძილზე ოტომანთა ყოფილი იმპერია სწრაფად და სრულად ტრანსფორმირდა. ახლადშექმნილი პოლიტიკური ღერძი, რომელიც რუსეთს, ირანსა და შიიტურ სამყაროს მოიცავს, ამჟამად ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ირან-ავღანეთის საზღვარს შორის განლაგებულ ტერიტორიას და ამდენად, შუა აღმოსავლეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინაუგურაციამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთსა და ერაყთან ტაქტიკური მნიშვნელობის ომები მოიგო. სულეიმან ბრწყინვალის დედაქალაქმა – სტამბოლმაც კი ნატოს სამხრეთი ფლანგის მცველისა და ევროინტეგრაციის მსურველი სეკულარული დემოკრატიის სტატუსი მომავალი ისლამური დიქტატურის როლზე გაცვალა, რაც თავისუფალი პრესის დევნასა და პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაში გამოიხატა.
მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამ გამოიწვია ამ მნიშვნელოვანი რეგიონის ისტორიული გარდაქმნა – ობამას დიდმა ჩანაფიქრმა თუ მისმა უთავბოლო ქმედებებმა – შედეგი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს.
ობამას მმართველობის ქვეშ მყოფმა ამერიკამ მსოფლიო მასშტაბით თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელების ისტორიული ფუნქციის შესრულება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა. დანაშაულებრივი „ისლამური სახელმწიფო“ და ირანის შიიტური სახელმწიფო ქაოსსა და დესტაბილიზაციას იწვევენ რეგიონებში, რომლებზეც მსოფლიოს ნავთობის წარმოების 40% მოდის. ტოტალიტარული ტალღა ევროპასა და ამერიკასაც ემუქრება ეგზისტენციალურ კრიზისში ჩათრევით.
მიუხედავად ამისა, მოძალადე, ექსტრემისტი სასულიერო პირების კონტროლის შედეგად წარმოქმნილ შავ ღრუბლებს მთაზე შეფენილი ქალაქი ფანტავს. პატარა ქვეყანა – საქართველო კავკასიაში მდებარეობს. მას სამ სხვადასხვა მხარეს ესაზღვრება: პუტინის ჩეჩენი მძლეოსნის, რამზან კადიროვის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია; რუსეთის სატელიტი სომხეთი და პუტინის ახალი ძმადნაფიცი ერდოღანის სახელმწიფო. ძნელი წარმოსადგენია სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს დასავლეთსა და ნატოსთან დააკავშირებდა. ცალკე აღებული ბათუმის შავი ზღვის პორტი უდიდესი მნიშვნელობისაა.
დასავლეთისათვის კარგი ამბავია ის, რომ რეგიონის დესპოტური მმართველების – ირანელი მოლებისა თუ კადიროვის ისლამისტი „ყავისფერპერანგიანი“ დაჯგუფებების ფონზე, საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შუქურა იყო და ასეთად რჩება.
„ქართული ოცნებისთვის“ – პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, ამის მიღწევა მარტივი არ ყოფილა. 2008 წლის ომის შემდეგ რუსული წნეხი სახელმწიფოზე ჯერ კიდევ დიდია. საქართველოში განლაგებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო დიდი ნაწილის მითვისების მიზნით, მოსკოვმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის – სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლი სულ ახლახან ისევ გადმოწია.
სამხრეთ-დასავლეთში, თურქეთში მომხდარმა წარუმატებელმა სამხედრო გადატრიალებამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვია. სამხრეთ-აღმოსავლეთში კი ირანი სატვირთო ხომალდით საუკეთესო იარაღის შეძენითაა დაკავებული – ამას ქვეყანა შუაღამისას თეირანში საიდუმლოდ გადაგზავნილი ობამას ფულით ახერხებს.
ამ ზეწოლის მიუხედავად, ქართული ოცნება დასავლეთთან ინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას ჯერ კიდევ განიხილავს. 2012 წლის არჩევნები სრულყოფილი არ ყოფილა, თუმცა რეგიონში გამჭვირვალობის მაგალითი გახდა. საქართველო ამცირებს ბიუროკრატიასა და კორუფციას, ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც ყველაზე მონდომებულ ამერიკელ ბიუროკრატსაც კი შეაშინებდა – მათ შორისაა პასპორტის 15 წუთში აღების შესაძლებლობა. კაფკასეული ბიუროკრატიით გაჯერებულ მსოფლიოში საქართველო საბაზრო ეკონომიკის მაგალითია.
ასეთი გამბედავი, რესურსებით სავსე ქვეყნის მხარდაჭერაზე უარის თქმა დასავლეთის მხრიდან დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა. სახელმწიფო თავისუფალი საზოგადოების შექმნისა და აყვავების გზაზე დგას. მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, შთამბეჭდავია ამ სახელმწიფოს უნარი, შეამციროს კორუფცია და გააუმჯობესოს ბიზნესგარემო. მსოფლიოს დიდმა ნაწილმა მოახერხა, დაევიწყებინა მეოცე საუკუნის გაკვეთილები და დადგომოდა მარქსისტული სოციალიზმის გზას. ამ გაკვეთილების გამეორება, საკმაოდ მძიმე შედეგით, გარდაუვალია.
პოლიტიკური ისლამი რეგიონში ფართოდაა გავრცელებული. საქართველო, უპირატესად ქრისტიანული სახელმწიფო, თავისი სამეზობლოდან მომდინარე ჯიჰადური საფრთხის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ბასტიონი შეიძლება გახდეს.
დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს. მაღალი დონის ვიზიტები ქვეყანაში ზრდის მის ცნობადობას ევროპაში და ამერიკის ერთგულებას ამ ქვეყნისადმი. თუ საქართველო განვითარების ვექტორს შეინარჩუნებს, ამ სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოიტანოს. ნატოსთან ინტეგრაციის გაგრძელება, შორეულ მომავალში მისი სრული წევრობის ჩათვლით, დაარწმუნებს ქართველ ერსა და მათ ლიდერებს, რომ თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა ირგვლივ მყოფი, ნაკლებად მეგობრული სახელმწიფოების მიერ განხორციელებული წნეხის ღირსეული კომპენსაციაა.
ნოემბერში დასავლეთს შეუძლია უზრუნველყოს ძალადობისა და პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთი წარმატებული, დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები ევრაზიასა და შუა აღმოსავლეთს ნათლად დაანახებდა, თუ რა შეიძლება მოხდეს ტოტალიტარული კონტროლის თავიდან მოცილების შემთხვევაში.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებას შესაბამისი შედეგები მოყვება. აშშ-ს ცივი და მტრული დამოკიდებულების გამო, შუა აღმოსავლეთის დემოკრატიული სახელმწიფო – ისრაელი მნიშვნელოვნად დაუახლოვდა კრემლს; ისრაელის საკითხი მოგვარებულია, ობამა კი ირანს ატომური შეიარაღების მოპოვების გზაზე აყენებს. საქართველო ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ს ორბიტაზე უნდა დარჩეს. ამერიკის მომდევნო პრეზიდენტმა თვალნათლივ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ ეს ასეა.
http://www.washingtontimes.com/news/2016/sep/19/georgia-imperative-west/