გია ლორთქიფანიძე საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს – ჯერ არ მეკუთვნის შვებულება

“ჯერ არ მეკუთვნის შვებულება”, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ „პირველ რადიოს“ 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, იგი ივნისამდე საქართველოში იმყოფებოდა და გამოძიებასთან ყოველთვის თანამშრომლობდა.
მისივე თქმით, 26 მაისის საქმეზე იგი პროკურატურამ უკვე დაკითხა.
„26 მაისთან დაკავშირებით დაკითხული ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მაგათ აინტერესებდათ და რაც ჩემთვის იყო ცნობილი. მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატურას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, ვერ გეტყვით“, – განუცხადა გია ლორთქიფანიძემ ”პირველ რადიოს”.
ე.წ. 26 მაისის საქმეზე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, ლორთქიფანიძეს  მიეცა გონივრული დრო, საგამოძიებო ორგანოში გამოსაცხადებლად.
„საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ,რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნენ ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები