რატომ განაახლეს „ნაციონალებმა“ საარჩევნო სია – რის სანაცვლოდ გადაიხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა მილიონი

„რატომ განაახლეს ნაციონალებმა საარჩევნო სია“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაში წერია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სია რამდენჯერმე შეცვალა.
„ბევრმა ჩათვალა, რომ სიის განახლება სანდრა რულოვსის მეორე ნომრად ჩამატებამ გამოიწვია მხოლოდ. ამ ლოგიკით, ივლისში წარმოდგენილ რიგითობას მხოლოდ ერთი პუნქტით უნდა ჩამოეწია, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ხმამაღლა გაცხადებული მიზეზის მიღმა, განახლებულ სიას სულ სხვა ინტრიგა ახლავს.
მართლაც, რულოვსის მეორე ნომრად ჩამატების შემდეგ, სია ერთი პუნქტით ქვემოთ ინაცვლებს, მაგრამ ასე გრძელდება 15 ნომრამდე, სადაც გიგა ბოკერია სახელდება. თუმცა, ძველ სიაში თუ მას შემდეგ თენგიზ გუნავა აგრძელებდა რიგითობას, ახალში მის ადგილს კობა ნაყოფია იკავებს, გუნავა კი 24-ეზეა გადანაცვლებული.
სწორედ ამ ნომერს იკავებდა ძველ სიაში ნაყოფია. რატომ მოხდა ეს გადანაცვლება, ამის შესახებ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს ნაციონალების მხარდამჭერებში, თუმცა, თუ წარსულ გამოცდილებას დავუჯერებთ, ასე ხშირად ხდება ხოლმე გარკვეული საზღაურის გადახდის დასაფასებლად. ნაყოფიას შემდეგ განახლებულ სიაში რიგითობა ძველის თანმიმდევრობით გრძელდება – ნადირაშვილი, ჩიქოვანი, ბოკუჩავა… მაგრამ შემდეგ, სადაც გია თევდორაძე უნდა აღმოგვეჩინა, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ რამაზ ნიკოლაიშვილი. ის განახლებულ სიაში მეოცე ადგილზეა წარმოდგენილი.
ცხადია, მოვიძიეთ თევდორაძის რიგითობა და ის 63-ეზე დაგვხვდა… მართალია, ბატონი გიორგი ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატია „ნაციონალებიდან“, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ მას ასე უმტკივნეულოდ დაეთმო ნიკოლაიშვილისთვის თავისი გარანტირებული ადგილი ოცეულში, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროინდელი ფინანსური პოლიციის, მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ივლისში გამოქვეყნებულ-დამტკიცებულ სიაში საერთოდაც არ იკითხებოდა“, – წერს სტატიის ავტორი.
როგორც გამოცემა წერს, რამაზ ნიკოლაიშვილის სიაში მოხვედრას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. გიგა ბოკერიას ფრთა ლობირებდა.
„სახელდება კონკრეტული გვარებიც – დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე და დავით კირკიტაძე… იგივე ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაიშვილმა ამ ნომრად სიაში ყოფნისთვის ერთი მილიონი გადაიხადა. გოგა თევდორაძის დათანხმება კი მარტივად მოხდა – მას თავის მაჟორიტარულ ოლქში განსაკუთრებულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ… თუმცა წყარო იმასაც ამბობს, რომ გადახდილი მილიონიდან თევდორაძესაც ერგო თავისი „კუთვნილი წილი“ ასეთი მსხვერპლშეწირვისთვის“, – წერს „პრაიმტაიმი“.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გამოცემა რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.
„აზრები რომ იყოფა, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ვისი აზრები გაიყო კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით, მე არ ვიცი. მე რას ვგრძნობ, ეს მე ვიცი, მაგრამ კითხვა ჩემი მისამართით არ არის. უსაგნო საუბარია ახლა ეს. თუ ვინმესთვის გასაკვირია, რატომ მოვხვდი მე ნაციონალების სიაში, მაშინ მას 2012 წლამდე საქართველოში არ უცხოვრია“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
კითხვაზე, სიაში მოსახვედრად გადაიხადა თუ არა მილიონი, ნიკოლაიშვილმა ასე უპასუხა: (იცინის) გინდათ, რომ ამ თემაზე ვიჭორაოთ? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს“,-აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები