„საუბრები კლავიშებთან“ — თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ სივრცეში – მსმენელის წინაშე უნიკალური კონცეპტუალური პროექტით პიანისტი გიორგი დოლიძე წარდგა
ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში განსაკუთრებული და აღსანიშნავი მოვლენა შედგა. 25 ივნისს, თბილისში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ სივრცეში – SINFONIETTA STAGE, მსმენელის წინაშე სრულიად უნიკალური კონცეპტუალური პროექტით — „საუბრები კლავიშებთან“ — წარდგა პიანისტი, კლავესინისტი და ისტორიული კლავიშიანი ინსტრუმენტების სპეციალისტი გიორგი დოლიძე.

როგორც ,,კვირას” ,,საქართველოს სინფონიეტას” მუსიკალურმა პროდიუსერმა, თეა მუქერიამ აცნობა, ეს საღამო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც თავად ხელოვანისთვის, ისე ადგილობრივი პუბლიკისთვის, რადგან მუსიკოსმა 15-წლიანი ემიგრაციისა და შემოქმედებითი პაუზის შემდეგ საქართველოში პირველი კონცერტი გამართა. ღონისძიებამ, რომელიც სრული ანშლაგითა და საოცრად თბილი ატმოსფეროთი წარიმართა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად დიდია ქართველი მსმენელის ინტერესი მაღალი აკადემიური, თუმცა ამავდროულად ცოცხალი და უშუალო ხასიათის შეხვედრების მიმართ.
ღონისძიების მთავარ კონცეფციას კლავიშიანი საკრავების ევოლუციის საოცარი გზის ჩვენება წარმოადგენდა — ბაროკოს ნატიფი ესთეტიკიდან მეოცე საუკუნის მოდერნიზმამდე. ერთ სივრცეში, სპეციალურად ამ საღამოსთვის, გვერდიგვერდ განათავსეს სამი განსხვავებული ეპოქის ინსტრუმენტი: კლავესინი, პიანოფორტე და თანამედროვე როიალი. შესრულების პარალელურად, მუსიკოსი საინტერესო თხრობითა და ცოცხალი ისტორიებით გაუძღვა პუბლიკას საუკუნეების სიღრმეში, რამაც მსმენელს საშუალება მისცა თვალსაჩინოდ აღექვა ჟღერადობის ტრანსფორმაციის იდეალური ანატომია.
აღსანიშნავია თავად შემსრულებლის საინტერესო შემოქმედებითი გზა. გიორგი დოლიძე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მისი მუსიკალური განათლება სამუსიკო გიმნაზია „ნიჭიერთა ათწლედში“, თინა ზაუტაშვილის ფორტეპიანოს კლასში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატში სწავლისას მყარად დაუკავშირდა საკონცერტო ცხოვრებას. ისტორიული ინსტრუმენტებისა და ავთენტიკური შესრულების პრაქტიკით იგი ბირმინგემის სამეფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში სწავლისას დაინტერესდა, სადაც გახდა საუნივერსიტეტო კონკურსის ფინალისტი კლავესინზე, ხოლო ფორტეპიანოს მიმართულებით პიტერ დონოჰოს პრიზის პირველი პრემია და რენა კელავეის სახელობის სტიპენდია მოიპოვა. პროფესიული განვითარება ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, კლავესინის სპეციალობით განაგრძო, სადაც სიღრმისეულად დაეუფლა კლავიციტერიუმს, კლავიკორდსა და ჰამერკლავირს. გერმანიაში იგი სისტემატურად მონაწილეობს „ბაროკოს საღამოებსა“ და ფრანკფურტის „ბაროკოს მარათონში“. ამჟამად გიორგი სპეციალიზდება ჰამერკლავირში. იგი რეზიდენტი შემსრულებლის სტატუსით მიწვეული იყო გრაიფენბერგის ინსტიტუტში, სადაც ისტორიული საკრავების რესტავრაციას გაეცნო და პროექტი ა. ვალტერისა და ა. შტაინის სტილის ჰამერკლავირებზე გამართული კონცერტით დააგვირგვინა. ამასთანავე, გიორგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ისტორიულ კლავიშიან ინსტრუმენტებზე შესრულების ტრადიციის განვითარებისთვის.
საქართველოს კულტურულ რეალობაში, შემეცნებითი თვალსაზრისით, მსგავსი სახის კონცერტები და შეხვედრები ფასდაუდებელია, რადგან ისინი შლიან დისტანციას სცენასა და დარბაზს შორის. მსმენელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, არა მხოლოდ პასიურად მოისმინოს ნაწარმოები, არამედ გააცნობიეროს მისი შექმნის ეპოქალური, ტექნიკური და ფილოსოფიური კონტექსტი. ინსტრუმენტების ავთენტიკური ჟღერადობისა და მათი მექანიზმების უშუალო გაცნობა აფართოებს მუსიკალურ აღქმას და ხელს უწყობს ძველი მუსიკის შესრულების დასავლური, ისტორიულად ინფორმირებული ტრადიციების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში. კონცერტის დასასრულს გამართული ხანგრძლივი ოვაციები და მსმენელთა დიდი ემოციური გამოხმაურება ნათლად ადასტურებს, რომ 15 წლის შემდეგ გიორგი დოლიძის სამშობლოში დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა. ეს საღამო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მსგავსი ინიციატივები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საფუძველი ჩაუყაროს ახალ საგანმანათლებლო პროექტებს ქართულ მუსიკალურ სივრცეში.