ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის – ბებრის ციხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

default

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ბებრის ციხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, ადგილზე იმყოფებოდნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე. მათ ადგილზე დაათვალიერეს ძეგლი, გაეცნენ მის არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.
პროექტი ითვალისწინებს ციხის დაზიანებული არქიტექტურული ელემენტების რეაბილიტაციას, ავთენტური ნაწილების რესტავრაცია-კონსერვაციასა და მათ გრძელვადიან დაცვას. საჭირო მონაკვეთებზე განხორციელდება კლდოვანი რელიეფისა და ციხის კედლების გამაგრებითი სამუშაოები.
ასევე, ჩატარდება ციხის კედლებისა და კოშკების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია-კონსერვაცია, ბზარებისა და ნაკერების ამოგოზვა, კედლების ზედა ნაწილების კირის დუღაბით გადაწყობა და კოშკის ინტერიერში გამოვლენილი არქეოლოგიური ფრაგმენტების კონსერვაცია.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზედა ციხეზე ასასვლელ ქვის საფეხურებს, დამატებით გამაგრდება ქვედა ციხის კოშკი, მოწესრიგდება ციხის ინტერიერი და მოეწყობა მინიმალისტური ბაქანები და გადასახედი სივრცეები.
ციხეს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2016 წლებში ჩაუტარდა, რა დროსაც 2010 წელს მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ციხის ჩრდილოეთის ფერდობის აღსადგენად რკინა ბეტონის მონოლითური საყრდენი კედელი აიგო.
ბებრის ციხე მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი უძველეს წყაროებში „ბელტისციხის“ სახელითაც არის ცნობილი და საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. არქეოლოგიური კვლევები მის ტერიტორიაზე ანტიკური და ფეოდალური ხანის კულტურულ ფენებს ადასტურებს, რაც ძეგლის განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები