შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, რა შედეგი მოიტანა ფასებთან დაკავშირებულმა საპარლამენტო კომისიის მუშაობამ.
„ჩვენი კომისიის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა მოკლევადიან პერიოდზე, საშუალოვადიან პერიოდზე და დავწერეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისარგებლოთ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში რა გაკეთდა. ჩვენთვის ოპონენტების კრიტიკული განცხადებები მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ფაქტები. როდესაც [ www.ekalata.gov.ge ] პორტალი შევქმენით, საშუალო ჩეკი 13 პროდუქტზე იყო 43 ლარი და 20 თეთრი, დღევანდელი რეალობა არის 37 ლარი და 72 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მუშაობს, სისტემა მუშაობს.
მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შეთავაზება საუკეთესო ფასდაკლებებით. თუ საბაზისო ფასს ავიღებთ, დახლის ფასს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის ფასი, სხვაობა ორჯერ მეტია. შეიქმნა მოდელი, რომელიც ჩვენს მოქალაქეს აძლევს ყოველდღიურად, საუკეთესო ფასი ჰქონდეს ამ 13 პროდუქტის კატეგორიაზე. შიდა კვლევაც ჩავატარეთ და ეს 13 პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.