დაიბადა გურიაში. პროფესიით ეკონომისტი, საქონელმცოდნეა. თუმცა სხვა ქალბატონების მსგავსად, მასაც მოუხდა იძულებით სამშობლოს დატოვება.
ამჟამად ემიგრანტია. იმყოფება იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში.
ამბობს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ემიგრაციაში არ წასულიყო, მაინც აუცილებელი გახდა წასვლა. იძულებითი ნებით მოირგო დაუსრულებელი ლაბირინთისკენ მიმავალი ემიგრანტის ქალამანი.
სიშორემ, ემიგრანტულმა ცხოვრებამ და ნოსტალგიამ კვლავ ააღებინა ხელში კალამი და აი, უკვე 18 წელია მისი ცხოვრების თანამგზავრია.2023 წელს გამოიცა პირველი წიგნი – „იმედის არილი” გერმანე საზანოელის რედაქტორობით. ამავე გამომცემლობაში დაიბეჭდა წიგნი „შორეული საქართველო“, სადაც თანაავტორებთან ერთად მისმა ლექსებმაც დაიდო ბინა.
მისი ლექსები დაიბეჭდა „21-ე საუკუნის ქართული პოეზიის” ეგიდით და თემურ ცერცვაძის რედაქტორობით გამოცემულ წიგნებში, თანაავტორებთან ერთად.
2025 წელს გამოიცა მეორე საავტორო წიგნი – ,,მზე ვუალს მიღმა“, ლევან გორვანელის რედაქტორობით.
ლექსები დაიბეჭდა, აგრეთვე, ნათია ჯიმშელეიშვილის მიერ გამოცემულ წიგნში: „პოეტის ავტოგრაფი”. მალე დაიბეჭდება მანანა ტაბატაძის წიგნში „იტალიური თარგმანი”, სადაც ქართველი და იტალიელი პოეტების ლექსები გაერთიანდება.
გამოსაცემად მზად აქვს საბავშვო წიგნი. – პოეტი ემიგრანტის, თამარ ხომერიკის პერსონა.
– გურიაში დაიბადეთ. ბავშვობიდან გიყვარდათ წერა, ლიტერატურა… რა იყო საინტერესო მაშინ?
– მაშინ ჩემ ირგვლივ ყველაფერი საინტერესო იყო. ახლად ვიწყებდი სამყაროსთან გათვითცნობიერებას. ვაკვირდებოდი ირგვლივ ყველაფერს, სულიერს და უსულოს. ფიქრებში ვესაუბრებოდი მათ. მიყვარდა ხეთა ფოთლების შრიალის მოსმენა, მაოცებდა წვიმის ხმის საოცარი სიმღერა, ქარის მელოდიურობა და ა.შ. ამ ყველაფერმა, შემდეგ ლექსად ჩამოყალიბება დაიწყო და საგრძნობლად აისახა ჩემს პოეზიაში.
პოეზია ჩემი სულის „ვერსალია”. რაც თავი მახსოვს, მუზა თან დამყვება. ჯერ სულ პატარა, სიტყვებს რითმულად ვაწყობდი. წლების მატებასთან ერთად სიტყვის მარაგი იზრდებოდა და ჩემი ლექსები კუპლეტებად იქცა.
რატომღაც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ჩემი გატაცებისთვის და ლექსები მხოლოდ რვეულში რჩებოდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ დიდი ხნით გადავდე კალამი. ერთმანეთს მიჰყვა: სტუდენტობა, ოჯახი, შვილები, ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობა, უმუშევრობა და ფიქრი შვილების აღზრდა-გადარჩენაზე.
– პროფესიით ეკონომისტი, საქონელმცოდნე მუშაობდით, დიდი ოჯახი გაქვთ. და მაინც, მოგიხდათ სამშობლოს დატოვება..
– ყველამ ვიცით, რომ საქართველოში, პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ, ჩამოშალა ეკონომიკა და მისი განვითარება. ნელ-ნელა კრიზისი ყველა საარსებო სფეროს მოედო. ეს არასასურველი მდგომარეობა ჩემs ოჯახსაც შეეხო. საჭირო იყო სასწრაფოდ გამოსავლის პოვნა. სამი შვილი და სამმაგი დარდი.
პირველი, რაც სულს მიფორიაქებდა, იყო, რომ მათთვის გული არ გამეტეხა, არ ეგრძნოთ თავი დაუცველად და უსუსურად.
მცდლობის მიუხედავად, თავი ამერიდებინა ემიგრაციაში წასვლისთვის, უშედეგოდ დასრულდა. გადაწყდა, იძულებითი ნებით დამეტოვებინა ოჯახი და სამშობლო. მყავს მეუღლე, სამი შვილი, სიძე და შვილიშვილი….18 წელია ვერ გამოვედი ამ დაულეველი ლაბირინთიდან, რადგან იმედიანი დაბრუნების იმედი არ ჩანს.
– წერას სერიოზულად ემიგრანტობის პერიოდში მიუბრუნდით…
– როდესაც თან შეეზარდე მშობლიურ მიწას და ზეცას, როდესაც გრძნობ, რომ სამშობლო ერთადერთია, სადაც ჩიტივით თავისუფალი ხარ, როდესაც ხვდები, რომ სხვის მიწაზე მყარად ვერ დგახარ და სხვისი ცის მზე ისე არ გათბობს, როგორც შენი ღრმა და ლურჯი ცის მზისა… ალბათ ყველას აღმოხდება ეს სიტყვები.
სამშობლოვ, გულით გატარებ,
შენ ჩემი სულის ხატი ხარ,
ქართველო, უცხო მიწაზე
სანთლად ქცეული დარდი ხარ.
შენი ცის ღვთიურ კაბადონს
მზის სხივში ავედევნები,
რა შორსაც არ უნდა ვიყო,
მაინც შენ დაგიბრუნდები.
ცხრა მთას იქით თუ აქა ვარ,
მე ყველგან შენი შვილი ვარ,
გულზე ნაქარგი ხატი ხარ,
ყველა ჩვენგანის დარდი ხარ.
***
თბილისო, დღეს შენს ქუჩებში მსურს ხეტიალი,
კვლავ რომ ვიხილო შენი მშვენება,
თბილისში ვარდიც სხვაგვარად ყვავის,
ქუჩებსაც ვიცი სხვა სურნელი აქვს.
შენი სიძველე შენს ასაკს ითვლის,
ნაიარევიც ბევრზე ბევრი გაქვს,
ჩამოგფენია ჭაღარა მხრებზე,
შენს სპეტაკ შუბლზე ნაოჭები ჩანს.
ჩაფიქრებულხარ, ჩემო თბილისო,
საფიქრალი გაქვს მართლაც რომ დიდი,
შენს სულში მუდამ სიკეთე ბუდობს,
შენ საქართველოს ხარ დედაბურჯი.
****
წვიმს წვიმს და ზეცა გულს იოხებს თითქოს,
მეც მასავით წვიმის ფერი ვხდები,
თითქოს წვიმამ ჩამოუშვა ფარდა,
ფარდის უკან წვეთებივით ვქრები.
სველი წვიმა მოგონებებს იწვევს,
სიგიჟეა, თითქოს გარეთ მიწვევს,
მენატრება ქართული ცის წვიმა,
თბილისურად დანამული სიცხე.
როგორ მიყვარს ეგ სისველე შენში,
შარიშურით სველ ნოტების მღერა,
ხარ რატომღაც ჩემი სევდის ფერი,
როგორც მუზა, მოფრთხიალებ ჩემთან.
წვიმს და ზეცა მეწამულობს ფერში,
ეგ სისველე მომაპკურე ბლომად,
არ მაშინებს შენი წვიმის თქეში,
რადგან სახეს ნიღაბით არ ვმოსავ.
– ცხოვრობთ ფლორენციაში, მუშაობის პარალელურად წერთ ლექსებსაც… შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ლექსის დაწერის დროს ვერ განსაზღვრავ. არასდროს იცი, როდის გესტუმრება დალოცვილი მუზა. მაგრამ როცა მოვა, გაიძულებს, „მიდი დაწერე” და მეც მორჩილად ვემორჩილები. შთაგონება, შეიძლება სულ პატარა განცდამაც გამოიწვიოს, თუ ის მძაფრად შეეხო შენი სულის სიმებს…– ორი პოეტური კრებულის ავტორი ხართ: „იმედის არილი“ და „მზე ვუალს მიღმა“. პირველი წიგნი საქართველოს მიუძღვენით. შეიცვალა სათქმელი პირველი წიგნიდან მეორე კრებულამდე?
– არა, არაფერი შეცვლილა. თავად წიგნის დასახელება ,,მზე ვუალს მიღმა” გამოხატავს ტკივილს სამშობლოს მდგომარეობაზე. ჩემს ლექსებში, საქართველოს სიყვარულის თემა ღრმადაა ასახული. მისი ბედი და უბედობა გადაჯაჭვულია როგორც ჩემს პიროვნებაში, ასევე ჩემივე ლექსებში.
– „მზე ვუალს მიღმა“ – ამ კრებულის წარდგენა ფლორენციაში გამართეთ. რით იყო ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– ცნობისთვის, ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაციაც ფლორენციაში გაიმართა 2023 წელს. მაშინ ძალიან ვღელავდი, რადგან პირველი წარდგენა იყო ლექსების კრებულისა – „იმედის არილი”. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ,,გავიზარდე” შემოქმედებითად სამი წლის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტად გამიცნო საზოგადოებამ მეც და ჩემი შემოქმედებაც. ამიტომ კრებულის – „მზე ვუალს მიღმა” წარდგენა პრეზენტაციაზე, უფრო თავისუფლად, დაძაბულობის გარეშე მოხდა.
ეს არ იყო შეხვედრა მხოლოდ წიგნის წარდგენის შემთხვევაში, ეს იყო უფრო პრეზენტაცია გალა კონცერტით, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი და მუსიკა. საოცარი ატმოსფერო სუფევდა დარბაზში, მეგობრული, თბილი და იუმორით გაჯერებული. როგორც პოეტს, დამსწრე საზოგადოების და მეგობრების მხარდაჭერამ, დიდი სტიმული მომანიჭა, არ გავჩერდე და გავაგრძელო რთულად სავალი გზა პოეზიისა და ლექსის სამყაროში…
– ერთი ლექსი…
ღამე და მუზა
კალმის სისწრაფე ვერ ეწევა მუზის აკორდებს,
ჟინი მალული მაიძულებს, მიდი დაწერე,
ვით დოქის ტუჩი ლოთის ხელში,სიტყვა მაკოცებს,
მთვრალი სიტყვები აეკიდება ლექსის სტრიქონებს.
ეს მოვარდნილი სულის სიგიჟე დამცლის ბოლომდე,
უძილობა წვავს,ფერგადასულ სურვილს ნაფერებს,
ღამის სითეთრე სულის ფორიაქს გამოაჭენებს,
ლექსის ბწკარებში ფეხარეულს გამომაფხიზლებს.
წაქცეულ აზრებს შევატოვებ რვეულის ფურცლებს,
გონის ბურანში გავუყვები ღამეულ შუკებს,
მუზის ფრთებიდან ღამის მთვარეს შინ შემოვიტან,
მთვარეულივით თეთრ ფურცელზე გამოვაძინებ.
უღრან ღამეში წამოვეწევი მუზის აკორდებს,
მერე კალმის წვერს ნამთვრალევი მუზა ათრთოლებს,
გაირიჟრაჟებს,ალიონდება, გაიტიალებს,
და გაიტაცებს ღამენათევ მთვარეს ნაფერებს.
– ჰობი…
– ცხოვრების პირობების შეცვლასთან ერთად, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჰობიც შემეცვალა. საქართველოში კულინარია იყო ჩემი ჰობი. აქ კი სრულიად განსხვავებული ჰობი მაქვს. ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს ველოსიპედით გასეირნება.
– მალე თქვენი საბავშვო კრებულიც გამოიცემა…
– საბავშვო ლექსების კრებულში ზღაპრებიც შედის. წიგნი ეძღვნება ჩემს შვილიშვილს. იდეაც მისი დაბადების შემდეგ გამიჩნდა.– ფლორენცია – ქალაქი-მუზეუმი, საოცარი ქალაქი… ალბათ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, წერის შთაგონებას გაძლევთ?
– ფლორენცია უნიკალური ქალაქია, ის რენესანსის მშობელ ქალაქად ითვლება. თავს იწონებს როგორც „ღია”, ასევე დახურულ სივრცეში განთავსებული მუზეუმებით. ეს ის ქალაქია, რომელიც ფეხით უნდა შემოიარო, რომ ღრმად შეიგრძნო მისი დიდებულება. ფლორენცია მუზებისა და შთაგონების საუკეთესო წყაროა. ძალიან მაგონებს თბილისს.
– სიშორემ, ემიგრანტულმა ცხოვრებამ და ნოსტალგიამ ამაღებინა კალამიო. რომ არ წასულიყავით ემიგრაციაში, დაიწერებოდა ლექსები?
– რა თქმა უნდა, დაიწერებოდა. მაგრამ თაროზე შემოსადებ მასალად დარჩებოდა. თუ არ ჩავთვლით, რომ ფეისბუქის პირად გვერდზე ავტვირთავდი.
– სამომავლო გეგმები…
– ვგეგმავ, ერთი კრებული ჩემს სათაყვანო გურიას მივუძღვნა. სადაც ჩვეულებრივ ლექსებთან ერთად, გურულ დიალექტზე დაწერილი ლექსებიც იქნება წარმოდგენილი. მზად მაქვს გამოსაცემად საბავშვო ლექსებისა და ზღაპრების წიგნი. ვმუშაობ ახალი წიგნის მასალაზე. სადაც ლექსები და ნოველები ერთ წიგნად გამოიცემა.
თამარ შაიშმელაშვილი