სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატურას წარადგენს ცესკოში.
შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ჟვანიას თქმით, დღეს, 12:00-საათამდე პრეზიდენტი წერილობით შემოთავაზებებს მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც შეხვედრაზე დასახელდა. ასევე, პრეზიდენტს გაეგზავნება მათი ბიოგრაფიებიც.
კანონით, ახალ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს, 21 დეკემბერს ეწურება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატურა დასახელდა: თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე – “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი და მარიამ შელეგია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები