აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება ამერიკელებზე არ ვრცელდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ტომოკო აკანეს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.

ბლანშის განცხადებით, ვინაიდან შეერთებული შტატები არ არის „რომის სტატუტის“ ხელმომწერი მხარე და არასოდეს გაუცია თანხმობა სასამართლოს უფლებამოსილებაზე, ნებისმიერი მცდელობა, გაავრცელოს იურისდიქცია ამერიკელებზე, „არალეგიტიმური, უკანონო და აშშ-ის სუვერენიტეტის პირდაპირი ხელყოფაა“.

წერილში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, ხელშეკრულება ვერ იქნება სავალდებულო იმ ქვეყნისთვის, რომელიც მას არ შეერთებია.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სულ უფრო მეტად მოქმედებს უკანონოდ და არალეგიტიმურად. მისი შერჩევითი სამართალი და შიდა გადაცდომების შესახებ არსებული სარწმუნო ბრალდებები სერიოზულ ეჭვს ბადებს სასამართლოს მიუკერძოებლობისა და სანდოობის მიმართ“, – აღნიშნავს ბლანში.

იუსტიციის დეპარტამენტი ეყრდნობა 2002 წელს კონგრესის მიერ მიღებულ „ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვის აქტს“. აღნიშნული კანონი პირდაპირ კრძალავს თანამშრომლობას სასამართლოსთან და პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, გამოიყენოს ყველა საჭირო ზომა ნებისმიერი ამერიკელის გასათავისუფლებლად, თუ მას ჰააგის სასამართლოს ორდერით დააკავებენ.

აშშ-ის მთავრობის პოზიცია მკაფიოა: მომავალში შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს სასამართლოს არცერთ გამოძიებასთან, გამოძახებასთან თუ პროცესთან. ეს ნიშნავს, რომ აშშ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ამერიკელი მოქალაქის ჰააგისთვის გადაცემას და დაუპირისპირდება სხვა ქვეყნების ნებისმიერ მცდელობას, მოახდინონ მათი ექსტრადირება.

„აშშ არ დაუქვემდებარებს თავისი ხალხის თავისუფლებას ჰააგის ტრიბუნალს, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული არცერთი ამომრჩევლის წინაშე და არ გააჩნია ერთგულება ჩვენი კონსტიტუციისადმი“, – წერს ტოდ ბლანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები