აუდიტის სამსახური: ”სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველებს არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი და ჰქონდათ ვალები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მზადაა გაასაჯაროოს შემოწირულობებისა და გამოკითხვების სტატისტიკა, რაც უწყების მტკიცებით, დაადასტურებს, რომ დაჯარიმებული პირები იყვნენ არაუფლებამოსილნი განეხორციელებინათ შემოწირულება.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ჯანდიერის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ უწყება სწავლობს ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ამოწმებს შემოსავლების სამსახურსა და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას.
”ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ მსგავსი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და საკუთარი პიარისთვის უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება. ჩვენ მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ შევადგინეთ 11 ოქმი, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. შემოწირულებებთან დაკავშირებით, მიმდინარე პერიოდში, ჯამში გამოკითხულია 80 პირი, საიდანაც მხოლოდ 33 არის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი. ჩვენ ვსწავლობთ ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას, რასაც ვამოწმებთ შემოსავლების სამსახურთან და საბანკო მონაცემებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ ვიღებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სასამართლოში გაგზავნის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პარტიის ”სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველები იყვნენ პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი, ჰქონდათ ვალები და ვერ ადასტურებდნენ, რა რესურსით განახორციელეს შემოწირულება.
”ჩვენ მზად ვართ გავასაჯაროოთ შემოწირულებებისა და გამოკითხვების სტატისტიკა, ასევე, ნებისმიერი ინფორმაცია და მასალები, რომლებიც გადაგზავნილ იქნა სასამართლოში, რაც დაადასტურებს, რომ დაჯარიმებული პირები იყვნენ არაუფლებამოსილნი განეხორციელებინათ შემოწირულება”, – დასძინა აზნაურაშვილმა.
ცნობისათვის, ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური არის ხელუსუფლების ფინანსური სუსი. ჯანდიერის განმარტებით, აუდიტის სამსახური პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ზეწოლას დაარსების დღიდან ახორციელებს.
„საქალაქო სასამართლომ შესაბამისი დადგენილებით, ჩვენი პოლიტიკური ძალის 4 შემომწირველი 10 000 ლარით დააჯარიმა“, – ამის შესახებ ბლოკ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები