კახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდავეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდავეთის რესპუბლიკას ეწვევა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ფარგლებში, მოლდავეთის შესაბამისი უწყებებისთვის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის, პენიტენციის და პრობაციის სფეროებში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეფორმის საკითხებში.
მინისტრი დაინტერესებულ წრეებს გააცნობს უკანასკნელ წლებში საქართველოს მართლმსაჯულების, პენიტენციისა და პრობაციის სფეროში გატარებულ იმ ძირეულ რეფორმებს, რამაც დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიერა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები არსებითად გააუმჯობესა. ამასთან, ყურადღება გამახვილდება იმ სირთულეებზეც, რომელთა გადალახვაც რეფორმების პროცესში გახდა საჭირო.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ვიზიტი ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის არა მხოლოდ რჩევების მიმღები და მომხმარებელი, არამედ მზად არის, დაგროვილი გამოცდილება და მიღწეული პროგრესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს გაუზიაროს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტი მოლდავეთში 20-23 სექტემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები