“ქვეყნის სივრცითი განვითარების პროექტი პრაქტიკულად, უპრეცედენტოა”

ექსპერტი, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს წარმოდგენილი ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა უპრეცედენტოა.
მისი თქმით, პროექტი საშუალებას იძლევა, საქართველოში არსებული ყველა რესურსი ერთიან ჭრილში იქნას დანახული.
“ეს არის პრაქტიკულად უპრეცედენტო პროექტი. მსგავსი პროექტები საქართველოს რომელიმე მთავრობის მიერ წარმოდგენილი, არ მინახავს. პრაქტიკულად, ეს არის პროექტი, რომელიც ხელისუფლების ერთიან ხედვას, ერთიან კონცეფციაში აქცევს მთელ ქვეყანას და საქართველოში არსებული ყველა რესურსის ერთიან ჭრილში დანახვის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, არის კონკრეტული გეგმა, ეს ყველაფერი ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, როგორ უნდა განვითარდეს. ეს არ არის გეგმა, რომელიც სადღეგრძელოების დონეზე არის ხოლმე ჩამოყალიბებული. აქ დეტალურად არის პროექტის ყველა კომპონენტი – რა შედეგს მოგვცემს, რამდენით გაიზრდება ტვირთგამტარიანობა, ტურისტების რაოდენობა, რამდენი საათით შემოკლდება გზა. ეს არის კონცეპტუალურად სწორი დანახვა სივრცითი განვითარების, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ყველა შესაძლებლობის, ალტერნატივის გამოვლენის და გამოყენების”, – განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტი მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.
“გახსოვთ ალბათ, შარშან ინიცირებული ე.წ. აბრეშუმის გზის კონცეფცია, სადაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გეგმა, რაც წარმოდგენილია ქვეყნის სივრცითი განვითარებისთვის, სწორედ ამ კონცეფციას ეხმიანება და ქვეყანას აძლევს საშუალებას, როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს როლის მაქსიმალური გაძლიერება მოხდეს. უმთავრესი აქცენტები, რომელიც ალბათ გაკეთდება უახლოეს პერიოდში, არის ინფრასტრუქტურა, დაკავშირებული ენერგეტიკასთან, ლოჯისტიკურ ცენტრებთან, სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგებასთან. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შესაძლებელია, გარკვეული გარღვევის წინაპირობა გახდეს”, – განაცხადა კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები